კახა ბექაური - კომისიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მაუწყებლების თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტიანობას უზრუნველყოფს
ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილება მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოს ეფექტიანობას გაზრდის.
მიუხედავად ევროპელი ექსპერტების კონკრეტული რეკომენდაციისა, რომ სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენა მთლიანად გადასულიყო თვითრეგულირებიდან რეგულირებაში, კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიას წინადადებით მიმართა, რომ მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოების გაძლიერების მიზნით, პირველ ეტაპზე კვლავ მაუწყებლებში ყოფილიყო შესაძლებელი აღნიშნული საკითხების დარღვევის განხილვა.
კომისიაში აცხადებენ, რომ ევროპელი ექსპერტები კომუნიკაციების კომისიას შეთავაზებულ წინადადებაზე დათანხმდნენ, რაც მაუწყებლების თვითრეგულირებას უფრო ეფექტიანს და ქმედითს გახდის.
„ეს იყო საკითხი, რომელიც ცხარე დისკუსიის საგნად იქცა. სწორედ ამიტომ, კომუნიკაციების კომისიის ინიციატივით, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც დაეთანხმნენ, გამოინახა ძალიან კარგი კომპრომისი, ისე რომ ვალდებულებაც შეგვესრულებინა და თან აღნიშნული საკითხი რეგულირებაში მოგვექცია. საქმე ეხებოდა იმას, რომ გაგვეზარდა თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობა ამ საკითხთან მიმართებაში. დაინტერესებული პირი, რომლის მიმართაც გამოყენებული იქნებოდა სიძულვილის ენა, ანუ დაირღვა კანონი, პროექტი ახლა ითვალისწინებს, რომ, რა თქმა უნდა, ეს საკითხი რჩება თვითრეგულირებაში, რასაც ჯერ განიხილავს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანო და მისი გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება ეძლევა დაინტერესებულ პირს კომუნიკაციების კომისიაში ან სასამართლოში. დღევანდელი კანონის მოქმედი ნორმის მიხედვით, სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვანთა მანვე ზეგავლენა, საჩივრდება მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში, ანუ სადაც დაირღვა აღნიშნული ნორმა. დამრღვევს გამოაქვს გადაწყვეტილება თავად, დააშავა თუ არა და შემდგომ კანონის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არსად არ არსებობს“, – აცხადებს კახა ბექაური.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულ კანონში ცვლილებებზეა დამოკიდებული „შემოქმედებითი ევროპის“ მილიარდ ნახევრიან საგრანტო კონკურსში საქართველოს მონაწილეობაც. აღნიშნული კონკურსის 10 კომპონენტში საქართველოს კულტურისა და აუდიო-ვიზუალური სექტორის წარმომადგენლებისთვის მონაწილეობის შესაძლებლობა, საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე შეუძლებელია.
ამასთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საერთაშორისო პარტნიორებს სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე იწვევს. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველომ 2019 წლის პირველი ივლისამდე უნდა მიიღოს.