კახა ბექაური - გარწმუნებთ, თუ ადგილი აქვს არაკანონზომიერ გაძვირებას, ჩვენ მათ აუცილებლად დავაბრუნებთ კანონზომიერების ფარგლებში
გარწმუნებთ, თუ ადგილი აქვს არაკანონზომიერ გაძვირებას, ჩვენ მათ აუცილებლად დავაბრუნებთ კანონზომიერების ფარგლებში, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„ბაზრის კვლევის ფარგლებში კომპანიები იძულებული იქნებიან, სამუშაო რეჟიმში გადმოვიდნენ, რადგან მათ ამას კანონი ავალდებულებს. შესაძლოა, მათ იგნორირება გაუკეთონ ამ პროცესს და მაინც გააძვირონ იმ თარიღებში, რა თარიღებშიც თვითონ თქვეს, იმ მომსახურებებზე, მაგრამ ჩვენი დღევანდელი მონაცემებით, ადგილი აქვს არაკანონზომიერ გაძვირებას და გარწმუნებთ, ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ, თუ ადგილი ექნება არაკანონზომიერ გაძვირებას, ჩვენ მათ აუცილებლად დავაბრუნებთ კანონზომიერების ფარგლებში“, – განაცხადა ბექაურმა.
ამ განცხადებით კახა ბექაურმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, უნდა ველოდოთ თუ არა კომისიის მიერ საკითხის შესწავლამდე, თებერვლიდან და მარტიდან ინტერნეტის და სატელეფონო მომსახურების გაძვირებას, რაც „სილქნეტმა“ და „მაგთიმ“ უკვე დააანონსეს, იმ შემთხვევაში, თუ ეს კომპანიები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან სამუშაო რეჟიმში არ გადავლენ.
როგორც კახა ბექაურმა აღნიშნა, კომისიას კანონით მინიჭებული აქვს უფლება, რითაც საცალო ტარიფის რეგულირება შეუძლია და თუ მსხვილი კომპანიები კომისიის შეთავაზებას არ გაითვალისწინებენ, კომისია აუცილებლად შევა საცალო ბაზარზე და მას დაარეგულირებს.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, სად ხედავს გამოსავალს, რომ კომპანიების მხრიდან მსგავსი მოულოდნელი გადაწყვეტილებები მომავალში არ განმეორდეს და კომუნიკაციების კომისია მოლოდინის რეჟიმში არ იყოს, წამოვლენ თუ არა მსხვილი ოპერატორები დიალოგის რეჟიმზე, კახა ბექაურმა განაცხადა, რომ ის არანაირი მოლოდინის რეჟიმში აღარ არის და არავის აღარ ელოდება.
„როგორც ვთქვი, ვიწყებთ კვლევას. დავალება მიცემული მაქვს და იწყება კვლევა მთლიანად საცალო ბაზრის, როგორც ფიქსირებულის, ასევე მობილურ მომსახურებებზე. კანონით, ეს ორიდან სამ თვემდე პერიოდს იკავებს და კვლევის დამთავრებისთანავე მოხდება საცალო ბაზრის რეგულირება. საცალო ბაზრის რეგულირება ნიშნავს, რომ შესაბამის მომსახურებებზე ზედა ზღვრული ტარიფები დადგინდება“, – განაცხადა კახა ბექაურმა.