კახა ბექაური - დღეს საქართველოში ხარისხიანი ჟურნალისტიკის დეფიციტია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მედია თავისუფალი და პლურალისტური არ არის
დღეს საქართველოში ხარისხიანი ჟურნალისტიკის დეფიციტია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მედია თავისუფალი და პლურალისტური არ არის, – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
„მედია ისეთი მრავალფეროვანი და თავისუფალი, როგორც დღეს არის, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. დღეს 98 მაუწყებელი მაუწყებლობს, საიდანაც 21 საერთო ეროვნული მაუწყებელია და მთელი საქართველოს ტერიტორიას ფარავს. 2013 წელს ოთხი საერთო ეროვნული მაუწყებელი იყო და უკვე 21 გახდა. ანუ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, რიცხვი გახუთმაგებულია“, – განაცხადა კახა ბექაურმა.
კახა ბექაურმა Freedom House-ის ანგარიშთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„Freedom House-ის ანგარიშში წერია, რომ საქართველოში მედიაგარემო დიდწილად, პლურალისტური და კრიტიკულია. თუ „დიდწილადში“ მხოლოდ ის იგულისხმება, რომ მედიაგარემოს მრავალფეროვნებასა და პლურალიზმს ხარისხიანი ჟურნალისტიკა აკლია, ამაში დავეთანხმები, მაგრამ თუ ის იგულისხმება, რომ მედია გარემო მრავალფეროვანი და პლურალისტური ნაწილობრივ არის, ეს ინფორმაცია მცდარია“, – განაცხადა კახა ბექაურმა.