კახა ბექაური - ცხადია, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, ხომ არ არის ორ კომპანიას შორის შეთანხმებული ქმედება
ცხადია, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, ხომ არ არის ორ კომპანიას შორის შეთანხმებული ქმედება, – განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.
„დადასტურებულად ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ როდესაც ბაზარზე არსებული ორი ყველაზე მსხვილი კომპანია, რომელიც ბაზრის თითქმის, 80%-ს ფლობს, ერთდროულად აცხადებს, რომ საცალო ტარიფების გაძვირება უნდა მოახდინოს, ცხადია, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, ხომ არ არის შეთანხმებული ქმედება“, – განაცხადა ბექაურმა.
ამ განცხადებით კახა ბექაურმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შესაძლებელია თუ არა, ადგილი ჰქონდეს „სილქნეტსა“ და „მაგთის“ შორის წინასწარ შეთანხმებულ მოქმედებასა და გეგმას.
როგორც ბექაურმა აღნიშნა, პლუს ამას, ამ გაძვირებამდე წინაპირობები იყო.
„კერძოდ, ის, რომ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, ამ სექტორში კონკურენცია ცოტათი დასუსტდა, იქიდან გამომდინარე, რომ მოგეხსენებათ, „თელეა სონერა“ ბაზრიდან გავიდა, როდესაც მერე „სილქნეტმა“ „ჯეოსელი“ შეისყიდა. ორი წლის განმავლობაში, სანამ ის გასვლას აპირებდა და გაყიდვას ცდილობდა, ბუნებრივია, რაკი ბაზრიდან გადიოდა, ინვესტიციებს არ აკეთებდა და ქსელის განვითარებაზე არ ზრუნავდა. შესაბამისად, ამან დაღი დაასვა და „ჯეოსელი“ პრაქტიკულად, დასუსტდა.
ასევე, მესამე კომპანიას, „ბილაინს“, არ ჰქონდა 4G სიხშირე და ამ ორ კომპანიას კონკურენციას ვერ უწევდა, მაგრამ ჩვენ, კომისიის ახალმა შემადგენლობამ, მათ 800-იანი სიხშირე მივეცით, პირველებს და მათ მეოთხე თაობის განვითარება შეძლეს. მიუხედავად ამისა, მათ საქართველო მაინც გარკვეულ საექსპერიმენტო ბაზრად ჰქონდათ და პრინციპში, „ბილაინსაც“ გადაწყვეტილი აქვს ბაზრიდან გასვლა. ამ ბიზნესს ისიც ყიდის. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში, მისი მხრიდანაც არ ხდება კომპანიის განვითარება, რომ კონკურენციაში მძაფრად ჩაერთოს და ბოლო ორ წელიწადში, ამ მოვლენებმა მობილური კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენცია ცოტა დაასუსტა“, – განაცხადა ბექაურმა.
მისი თქმით, ამ ყველაფერმა პროვოცირება გაუკეთა მიმდინარე მოვლენებს, რადგან როდესაც კონკურენცია სუსტდება, ჩნდება რისკები, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორებმა, საცალო ბაზარზე მომხმარებლის მიმართ, საკუთარი მნიშვნელოვანი ძალაუფლება ბოროტად გამოიყენონ.
„ამიტომ, ამ დროს აუცილებელია, შესაბამისი დარგის რეგულატორი შესაბამის სიმაღლეზე იდგეს. არ ვაპირებთ, რომ ასე არ გავაკეთოთ და არ ვიდგეთ შესაბამის სიმაღლეზე. ჩვენ ყველანაირი ბერკეტი გაგვაჩნია, დასუსტებულ, თუ ძლიერ კონკურენციაში ეს სფერო სწორად ვმართოთ და სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. შეიძლება, ამას 2-3 თვე დასჭირდეს, მაგრამ გარწმუნებთ, ამას კანონზომიერ ფარგლებში დავაბრუნებთ და საცალო ბაზარზე ის ზედაზღვრული ტარიფები დადგინდება, რომელიც ამ ბაზრისა და ბიზნესებისთვის ადეკვატურია“, – განაცხადა კახა ბექაურმა.