ოჯახის ინფორმაციით, კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ" პატიმრობიდან გაათავისუფლეს
მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ” პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობრები და ოჯახის წევრები ავრცელებენ.
როგორც მსახიობის დედამ, ცირა ნავროზაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში აღნიშნა, ჯერ შვილთან არ უსაუბრია. მისი თქმით, „კაბუს” გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია საფრანგეთში მყოფი მისი მეგობრისგან შეიტყო.
„როგორც მისმა მეგობარმა გვითხრა, ნამდვილად გათავისუფლებულია, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ მასთან გასაუბრება ვერ შევძელით. იმედია, მალე დაგვირეკავს თავადაც. ძალიან გახარებული ვარ,” – განაცხადა ცირა ნავროზაშვილმა.
კახა აბუაშვილი საფრანგეთში გასულ წლის აპრილში დააკავეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთში კახა აბუაშვილთან ერთად, ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების კიდევ რამდენიმე წევრი დააკავეს, კერძოდ, 1963 წელს დაბადებული გოჩა ფოცხიშვილი, 1986 წელს დაბადებული ბექა ახვლედიანი, 1983 წელს დაბადებული ვახტანგ ახვლედიანი, 1962 წელს დაბადებული ლორიტა პაჭკორია-ნოზაძე, 1969 წელს დაბადებული არსენ ხაჩატრიანი, 1985 წელს დაბადებული ზურაბ აჯამოვი, 1966 წელს დაბადებული კარენ არუთიუნიანი, 1981 წელს დაბადებული მიხეილ ოჩიგავა, 1992 წელს დაბადებული ალექსი სანაძე, 1970 წელს დაბადებული, ელმირა მუსტაფაიევა.
შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირები ქურდავდნენ ბინებსა და მაღაზიებს, ასევე, ახდენდნენ მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციასა და ფულის გათეთრებას.