კახა კალაძე - გამგებლებს ჩემი მხარდაჭერა ექნებათ, მაგრამ ვიქნები ძალიან მომთხოვნი
გამგებლებს ჩემი მხარდაჭერა ექნებათ, მაგრამ ვიქნები ძალიან მომთხოვნი და არ დავუშვებ ჩემი მოქალაქეებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას, – ამის შესახებ თბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების განახლებული შემადგენლობის წარდგენისას განაცხადა.
“ ეს ადამიანები გახდებიან ქალაქის, მთავრობის მთავარი დასაყრდენი თბილისის რაონებსა და უბნებში. გამგებლები და გამგეობები ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს კონკრეტული პრობლემების მიგვარებაში. ეს სწორედ ის რგოლია, რომელსაც ყოველდღიური შეხება აქვს მოქალაქეებთან, მათ პრობლემებთან და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამგებლები და გამგეობები ეფექტურად მუშაობდნენ და წყვეტდნენ ჩვენი მოსახლეობის გამოწვევებს. ჩვენ თბილისელებს მივეცით კონკრეტული დაპირებები, წარვუდგინეთ პროგრამა, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში უნდა აღვასრულოთ. ჩემი მხრიდან გექნებათ მხარდაჭერა და ყველა წინაპირობა საქმის კეთებისთვის, თუმცა ვიქნები ძალიან მომთხოვნი და არ დავუშვებ ჩემი მოქალაქეებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას . დარწმუნებული ვარ, საზოგადოების მხარდაჭერით დიდ წარმატებას მივაღწევთ და ეს ადამიანები დიდ წვლილს შეიტანენ სიცოცხლით სავსე ქალაქის აღმშენებლობაში. თქვენი წარმატება – ჩემი წარმატებაა”,- განაცხა კახი კალაძემ.
ახალმა მერმა თბილისის ათივე რაიონში გამგებლები წარადგინა. ნარმანიას გუნდიდან თანამდებობა ხუთმა გამგებელმა შეინარჩუნა. ვაკის, დიდუბის, ნაძალადევის, ჩუღურეთის გამგებლები კახი კალაძემ იგივე დატოვა. მოხდა გადანაცვლებები – საბურთალოს რაიონის ყოფილმა გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გლდანში გადაინაცვლა, მისი ადგილი კი გაიოზ ვასაძემ დაიკავა, რომელიც მანამდე მისი მოადგილე იყო. ხოლო დანარჩენ ოთხ რაიონში კახი კალაძემ გუნდის ახალი წევრები წარადგინა. კრწანისი – ლევან ჯაფარიძე, მთაწმინდა – დავით კირკიტაძე, ისანი – კახა ლაბუჩიძე , სამგორი – დავით კერესელიძე.