კახა კალაძე დღეს თბილისის გამგებლებსა და საქალაქო სამსახურების უფროსებს წარადგენს
კახა კალაძე დღეს თბილისის გამგებლებსა და საქალაქო სამსახურების უფროსებს წარადგენს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეს თბილისის გამგებლებსა და საქალაქო სამსახურების უფროსებს წარადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამგებლებსა და საქალაქო სამსახურების უფროსებს თბილისის მერი 11:00 საათზე წარადგენს.

13 ნოემბერს კახა კალაძემ ვიცე-მერის თანამდებობაზე ირაკლი ხმალაძე წარადგინა, რომელიც კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო.

რაც შეეხება მოადგილეებს, დედაქალაქის მერმა მაია ბითაძე, გიგა ნიკოლაიშვილი, ირაკლი ბენდელიანი და ილია ელოშვილი დაასახელა.

კახა კალაძეს მერიაში ახალი გუნდის დამტკიცებისთვის საკრებულოს თანხმობა სჭირდება. განახლებულ შემადგენლობაზე ახალი მოწვევის საკრებულო 16 ნოემბრის სხდომაზე იმსჯელებს. მომდევნო დღეს კი ადგილობრივი თვითმმართველობის დეპუტატები დედაქალაქის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

ამის შემდეგ თბილისის მერიის სამსახურები და გამგეობა განახლებული ხელმძღვანელობით შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას.