კახა კალაძემ ვიცე-მერი და მოადგილეები წარადგინა
კახა კალაძემ ვიცე-მერი და მოადგილეები წარადგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერი და მერის მოადგილეები წარადგინა.

კახა კალაძემ საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

“მადლობა საზოგადოებას ნდობისთვის, იყო შენი დედაქალაქის მერი, არის დიდი პასუხისმგებლობა. ხალხმა მხარი დაუჭირა სიცოცხლით სავსე ქალაქს და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ საარჩევნოს ლოგანი, ეს არის ჩემი და ჩემი გუნდის მიზანი. მიზანი, რომ შესაძლებლობებით, ზრუნვით, სილამაზით და სიცოცხლით იყოს სავსე ჩვენი ქალაქი. მე წარმოვადგინე შვიდ ძირითად პოლიტიკაში ჩაშლილი პროგრამა და სწორედ პროგრამაში წარმოდგენილი ხედვები იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა. ამ მასშტაბური დაპირებების პროგრამის აღსულებას კომპეტენტური და ენერგიული ადამიანებით დაკომპლექტებული ძლიერი გუნდი სჭირდება”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ ვიცე-მერად ირაკლი ხმალაძე დაასახელა, რომელიც კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო.

“ირაკლი ხმალაძეს, ყველა კარგად იცნობს. ის მთელი საარჩევნო კამპანიის დროს ჩემს გვერდით იყო. ირაკლი წლების განმავლობაში ჩემთან ერთად მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთად, ის იქნება ვიცე-მერი”, – აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, მერის მოადგილეები იქნებიან მაია ბითაძე, გიგა ნიკოლაიშვილი, ირაკლი ბენდელიანი და ილია ელოშვილი.

“მაია ბითაძე წლების განმავლობაში იყო გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე და კვალიფიციური კადრია. მან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი სამომავლო გეგმების ფორმირებაში. მჯერა, რომ თავის წვლილს შეიტანს ქალაქის განვითარებაში. მერის მოადგილის თანამდებობაზე რჩება გიგა ნიკოლაიშვილი, რომელიც გააგრძელებს საქმიანობას და შესაბამისად, ჩვენ ერთად განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. შემდეგი არის ირაკლი ბენდელიანი, რომელსაც მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ინფრასტრუქტურის მიმართულებით. თბილისელები მალე ნახავენ მისი შრომის შედეგებს. მეხუთე მოადგილეს უახლოეს მომავალში დავასახელებთ, ეს იქნება ილია ელოშვილი. იცით, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდა მთავრობაში, როდესაც დასრულდება სამინისტროების შერწყმა, ილია ელოშვილი გადმოვა ჩვენს გუნდში”, – აღნიშნა კახა კალაძემ.