კაია კალასი - რუსეთი უნდა გავიდეს უკრაინიდან, როგორც საბჭოთა კავშირი გავიდა ავღანეთიდან
რუსეთი უნდა გავიდეს უკრაინიდან, როგორც საბჭოთა კავშირი – ავღანეთიდან, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა „პოლიტიკოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კალასის თქმით, ახლა აუცილებელია, ევროკავშირის ქვეყნებმა განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა, რათა რუსეთმა ნათლად გაიგოს, რომ არ შეუძლია გამარჯვება.
„ომი მაშინ დასრულდება, როდესაც რუსეთი მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა, როგორც ავღანეთში, როდესაც ათი წლის შემდეგ უკან დაიხიეს. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ყველაფერი დაიწყო 2014 წელს, მაშინ ჩვენ უკვე მეათე წელში ვართ“, – აღნიშნა კალასმა.
ამასთან, ესტონეთის ლიდერმა ისაუბრა ჩინეთის როლზეც უკრაინაში მშვიდობის დამყარების პროცესში.
„აქ არის ერთი აგრესორი და მსხვერპლი. ამ ყველაფრის გაურკვევლობად გადაქცევა ვიღაცის ინტერესში შედის, მაგრამ ვფიქრობ, რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ ჩინეთი ჩვენს მხარეს იქნება და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.