კაფე „გალერის" ადვოკატი - მიმდინარეობს ლუქების ახსნა, თუმცა როდის დავიწყებთ მუშაობას, ჯერ უცნობია
კაფე „გალერი” გააგრძელებს თავის საქმიანობას, მიმდინარეობს ლუქების ახსნა, თუმცა მუშაობას როდის დაიწყებს ჯერ უცნობია. ამის შესახებ გალერის იურისტმა გიორგი ანთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ამ დროისთვის მიმდინარეობს გადაბარება და ლუქების ახსნა. იქიდან გამომდინარე, რომ შსს-ს მიერ მოცემული ინფორმაციით, ყველა შესაბამისი მოქმედება ჩატარებულია, აზრი აღარ აქვს კლუბზე ლუქის არსებობას. ამ პერიოდის განმავლობაში ვიყავით გაურკვევლობაში, ამიტომ მაქსიმალურად სწრაფ ვადაში მოხდება მობილიზება, კაფე „გალერი” გააგრძელებს თავის საქმიანობას. საგამოძიებო მოქმედებების დროს კაფეში გარკვეული ნივთმტკიცებულებები იქნა ამოღებული, რომლებსაც „გალერისთან” არანაირი შეხება არ აქვთ”,-განაცხადა გიორგი ანთაძემ. მისივე თქმით, დამფუძნებლის დაკითხვის შემდეგ სამართალდამცველები მათ აღარ შეხმიანებიან.
„გამოვთქვით მზადყოფნა, როდესაც გამოძიებას გაუჩდებოდა კითხვები, მოვსულიყავით, თუმცა მას შემდეგ არავინ შეგვხმიანებია. ზარალი არის, მაგრამ ამ ეტაპზე არ განვიხილავთ რაიმე სამართლებრივი პროცედურების დაწყებას”,-განაცხადა მან.