კახათში მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონი ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
ზუგდიდის სოფელ კახათში მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონი, „რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
როგორც ქალბატონი აცხადებს, საარჩევნო უბანთან იმყოფებოდა, როდესაც ნიკა გვარამიამ ხელიდან პარკი გამოგლიჯა, სადაც პირადი ნივთები ჰქონდა, ასევე წაართვა საარჩევნო აკრედიტაცია.
ინციდენტში სოფლის სხვა მცხოვრებლებიც ჩაერთნენ, გვარამია ადგილზე დაცვის ათამდე თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა. ადგილზე სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო.
ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს ნიკა გვარამია და აცხადებს, რომ ქალბატონს ხელიდან გამოგლიჯა აკრედიტაცია.
„ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბარი ტყუილია. ხელიდან გამოვგლიჯე ის, რაც ეჭირა, რადგან მაინტერესებდა, ვინ იყო პროვოკატორი და აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი“, – განაცხადა გვარამიამ.
ინციდენტის შემდეგ, ნიკა გვარამიას ადგილზე მყოფები დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ამასთან, ქალბატონი, რომელიც აცხადებდა, რომ ნიკა გვარამია ფიზიკურად დაუპირისპირდა შეუძლოდ გახდა. ამ დროისთვის კი გამოკითხვაზე იმყოფება.