ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო მორწმუნეებს შობის დღესასწაულს ულოცავს.
„მინდა გისურვოთ, რომ დღევანდელი შობა ყველა კათოლიკესთვის, ყველა ქრისტიანისთვის იყოს ამ ბავშვთან ერთად, რომლის სახელი არის ემანუელ, რაც ნიშნავს, ღმერთი ჩვენთანაა. ღმერთი იყოს თქვენთან ამ დღეებში და მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში“, – აღნიშნა პაზოტომ.
ათასობით მორწმუნე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს – ქრისტეშობას ზეიმობს. ქრისტეს დაბადებას იმ ეკლესიის წარმომადგენლები შეხვდებიან, ვინც ამ თარიღს გრიგორიანული კალენდრით ითვლის. კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან ერთად, შობას დღეს 15 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან 11 ზეიმობს. დღეს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელი ერთხმად აღნიშნავს, რომ ქრისტეშობა მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში სიყვარულის და სიკეთის გარშემო აერთიანებს.