ჯულიეტა ვაშაყმაძემ კრივის რეპორტაჟი წაიყვანა, ინტერვიუ მიხეილ მესხთან, ნუგზარ ჯუღელის უცნობი კურიოზი და თბილისის ქუჩებში გადაღებული 13 მაისი - რას იხსენებენ პირველი არხის სპორტული რედაქციის თანამშრომლები #1TVSPORT
ჯულიეტა ვაშაყმაძემ კრივის რეპორტაჟი წაიყვანა, ინტერვიუ მიხეილ მესხთან, ნუგზარ ჯუღელის უცნობი კურიოზი და თბილისის ქუჩებში გადაღებული 13 მაისი - რას იხსენებენ პირველი არხის სპორტული რედაქციის თანამშრომლები #1TVSPORT

გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ წლის ბოლო გადაცემის სტუმრები საქართველოს პირველი არხის სპორტული მიმართულების ყოფილი (თამარ ბალავაძე, თემურ ჯაფარიძე) და მოქმედი (ვოვა ნიკოლაიშვილი) თანამშრომლები იყვნენ, რომლებმაც ბევრი საინტერესო და სახალისო ამბავი გაიხსენეს, ხოლო გადაცემის ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა კარიერის პერიოდში მედიასთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

ვოვა ნიკოლაიშვილი: „ამ ტელევიზიას სპორტული გადაცემების დიდი ტრადიცია აქვს. ერთი შეხედვით, რა შუაში არიან სპორტთან ლია მიქაძე, თენგიზ ნათაძე, ჯულიეტა ვაშაყმაძე? ისინი თავს იყრიდნენ სპორტულ რედაქციაში, რადგან სპორტი ყველას ძალიან უყვარდა. ამის თავი და თავი მაინც დათო ქლიბაძე იყო და რედაქციაში მიდიოდა გარჩევები. გურამ ლორთქიფანიძე, ნანა იოსელიანი და ნანა ალექსანდრიაც ხომ ჩვენი თანამშრომლები იყვნენ. სპორტულ რედაქციაში ისეთი აურა იყო შექმნილი, მოსვლა ყველას უხაროდა, მაგრამ საქმეც კეთდებოდა. სხვათა შორის , ჯულიეტა ვაშაყმაძეს კრივი აქვს წაყვანილი. კურიოზი ნუგზარ ჯუღელზეც გამახსენდა. ლანჩხუთიდან „გურიის“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩის რადიორეპორტაჟი მეორე ნახევრიდან დაიგეგმა. პირველი ტაიმის შემდეგ ვიცით, რომ 2:0-ს იგებს „გურია“, მაგრამ ნუგზარს ბათუმზე ჭკუა ეკეტებოდა. დაიწყო მეორე ტაიმი და აცხადებს, ანგარიშია 2:0, წინ ბათუმელები არიანო. ყურში ჩავძახე, ლანჩხუთი იგებს-მეთქი. გაიგო და გააგრძელა – როდესაც ორივე ქართული გუნდია, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იგებს 2:0-სო.

თამარ ბალავაძე: „ფეხბურთთან ყველაზე დასამახსოვრებელი შეხება 1981 წლის 13 მაისის შემდეგ მქონდა. „დინამოს“ ბაზაზე გამიშვეს და ინტერვიუ ვოვა გუცაევს ჩამოვართვი. ჩემს არქივში მაშინდელი ფოტოები მაქვს შენახული ბატონ ვოვასთან (გუცაევი), დათო ყიფიანთან და ვიტალი დარასელიასთან. ყველაზე მეტად კი მიხეილ მესხთან ინტერვიუთი ვამაყობ. 50 წლის რომ გახდა, მე გამიშვეს. ინტერვიუები დიდად არ უყვარდა, მაგრამ გამიშვეს როგორც ქალი და როგორც ვახტანგ ბალავაძის შვილი, მამაჩემთან კი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ის დამთანხმდა და ამით ძალიან ვამაყობ“.

თემურ ჯაფარიძე: „ყველაზე დასამახსოვრებელი იყო 13 მაისის ღამე. ყველა გადაღებაზე წავედით და მთელი ღამე ვიღებდით თბილისის ქუჩებში რაც ხდებოდა. ეს იყო სახალხო ზეიმი, რომელიც ასეთმა წარმატებამ შექმნა. ხალხმა ჩათვალა საჭიროდ, რომ ქუჩაში უნდა ყოფილიყო. ეს იყო უდიდესი მოვლენა არა მარტო ქართული ფეხბურთის ისტორიაში, არამედ საქართველოს ისტორიაში“.

ვლადიმერ გუცაევი: „ჟურნალისტებთან ინტერვიუზე უარს არასოდეს ვამბობდი. ახლა მით უმეტეს, რადგან ტელევიზიაში მუშაობის დროს კარგად დავინახე, რას ნიშნავს, ინტერვიუზე უარს როცა გეუბნებიან, თანაც უმიზეზოდ – არ ვარ მიჩვეული, ეკრანზე ცუდად გამოვიყურები და ა.შ. 18 წლის ვიყავი, პირველი ინტერვიუ ჯამლეტ ხუხაშვილმა ჩამომართვა. მაშინ ქართულად კარგად ვერ ვსაუბრობდი, რუსული სკოლა მქონდა დამთავრებული და ისეთ უბანში ვცხოვრობდი, სადაც ბევრი რუსი იყო. ახლაც ინტერვიუ თუ ვინმეს სურს, დიდი სიამოვნებით ველაპარაკები, რადგან ეს ჩემი ცხოვრებაა, სადაც უფრო მეტი კარგი იყო, ვიდრე ცუდი, ადამიანს კი კარგის გახსენება გსიამოვნებს“.