ფიფა VAR-ის სისტემის გამოყენების წესის შეცვლას გეგმავს #1TVSPORT
ფიფა VAR-ის სისტემის გამოყენების წესის შეცვლას გეგმავს #1TVSPORT

ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს განცხადებით, ორგანიზაცია VAR-ის სისტემის გამოყენების წესის შეცვლას გეგმავს. მისი თქმით, თამაშის მსვლელობისას თითოეული გუნდის მწვრთნელს საკამათო მომენტის ორჯერ გადამოწმების უფლება ექნება.

თუ მწვრთნელის მოთხოვნის შემდეგ საკამათო სიტუაცია გუნდის სასარგებლოდ გადაწყდება, გადამოწმების უფლება კვლავ ძალაში დარჩება.

„სისტემას აქტიურად ვამოწმებთ. მწვრთნელს თამაშის დროს VAR-ის გამოყენების უფლება ორჯერ ექნება და თუ მისი მოთხოვნა წარმატებული იქნება, გადამოწმების უფლება არ ჩამოერთმევა.

ფეხბურთელებსაც ექნებათ საშუალება, სამწვრთნელო შტაბს მომენტის შემოწმება სთხოვონ. VAR-ი უკვე 65 ფედერაციას აქვს დანერგილი, შეიქმნა უფრო მარტივი ტექნოლოგია ნაკლები კამერით“, – განაცხადა ჯანი ინფანტინომ ფიფა-ს კონგრესზე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ინგლისის პრემიერლიგა გამოვიდა ინიციატივით, საერთოდ გააუქმოს VAR-ის სისტემა მომდევნო სეზონიდან. ამისთვის ლიგის 14 კლუბის მხარდაჭერაა საჭირო.