საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი – „კარლ ცაისზე“ ბევრი ინფორმაცია არ გვქონდა და ფინალში „ბენფიკაზე“ მეტად მასთან თამაში ამიტომ გვსურდა #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, 1981 წლის 13 მაისს თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში პირველი გოლის ავტორმა, ვლადიმერ გუცაევმა პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „კარლ ცაისთან“ თამაშამდე მომხდარი ამბები გაიხსენა.
„გერმანიაში ედუარდ შევარდნაძემ გაგვაცილა და სპორტსაზოგადოება „დინამოს“ თავმჯდომარე შოთა გორგოძე გააფრთხილა, წაგებული არ ჩამოხვიდეო. მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი გვეტაძე იყო, გორგოძე კი მისი მოადგილე გახლდათ და დათო ყიფიანმა ჰკითხა, ბატონო ედუარდ, თასს თუ მოვიგებთ, ბატონ შოთას დააწინაურებთო?
ფინალისთვის ჩვეულებრივად ვემზადებოდით. ეს თარიღი სულ მახსოვდა, მაგრამ მანამდე განსაკუთრებული რამ გუნდში არ ხდებოდა.
თუ ფიქრობდნენ ოჯახის წევრები, რომ ისტორიაში შევიდოდით? მე მგონი, ამაზე არავინ ფიქრობდა. ჩემმა მშობლებმა იცოდნენ, რომ გადამწყვეტ თამაშზე მივდიოდი, მაგრამ განსაკუთრებული სიტყვებითაც არ გავუცილებივარ. გაცილება ჩვეულებრივი კი იყო, მაგრამ დახვედრა იყო განსაკუთრებული.
წასვლამდე, ფაქტობრივად, ვიცოდით ძირითად შემადგენლობაში ვინ ითამაშებდა, მხოლოდ ის იყო გასარკვევი, ვინ იქნებოდა სათადარიგოთა სკამზე. რევაზ ჩელებაძეც ბაზაზე დარჩა, დილით ავტობუსში ჩასაჯდომად ჩანთით მოდიოდა – ამ დროს გივი ნოდიამ უთხრა, შენ რჩები და ვაჟა ჟვანია მოდისო. რა თქმა უნდა, ეს რეზოსთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო.
„კარლ ცაისს“ ჩვენზე უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდა, ვიდრე ჩვენ მათზე. მათ ნახევარფინალში „ბენფიკა“ დაამარცხეს და ამ მხრივ უფრო თავისუფლად ვიყავით, რადგან ნაკლებად სახელოვან გუნდს ვეთამაშებოდით. თუმცა „კარლ ცაისი“ რომ პორტუგალიელებზე ნაკლები არ იყო, ეს დაამტკიცა – მათ ფინალამდე „ვალენსია“ და „რომა“ დაამარცხეს, ამ გუნდში გდრ-ის ნაკრების ბევრი ფეხბურთელი თამაშობდა, რომლებმაც 1974 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ბეკენბაუერისა და მიულერის დასავლეთ გერმანიის ნაკრებს მოუგეს“, – გაიხსენა ვლადიმერ გუცაევმა.