საფეხბურთო ტაიმაუტი | ნუკრი კაკილაშვილი - დოპინგკონტროლი სიახლე იყო, ამის გამო ფინალამდე ჩვენმა ექიმმა ჩივაძეს სიცხის დამწევი წამალიც ვერ დაალევინა #1TVSPORT
ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველმა, ნუკრი კაკილაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ 13 მაისის ფინალამდე მომხდარი ისტორიები გაიხსენა.
„ყველა თამაშს მღელვარება ახლავს, ამას ვერ გაექცევი, მაგრამ ფინალის წინ განსაკუთრებული მღელვარება იყო. გერმანიაში სასტუმროც ქალაქიდან მოშორებით იყო, გარე სამყაროსთან ნაკლები კონტაქტი გვქონდა და გუნდში კარგი ფსიქოლოგიური ვითარება იყო. არავინ თქვას, რომ თამაშამდე არ ვნერვიულობდით, უბრალოდ, მოედანზე რომ გადიხარ, მღელვარება ქრება და მხოლოდ თამაშზე ფიქრობ.
ფინალამდე გვითხრეს, რომ დოპინგკონტროლი იქნებოდა, რაც მაშინ სიახლე იყო. ამის გამო ჩვენი გუნდის ექიმმა, ზაქარია თელიამ საშა ჩივაძეს, რომელსაც სიცხე ჰქონდა, თამაშამდე წამალიც ვერ დაალევინა, ეს იმიტომ, რომ შესაძლებელია, მედიკამენტებში აკრძალული ნივთიერება ყოფილიყო.
ნოდარს ახალკაცს თავისებური მატჩისწინა დარიგებები ჰქონდა. ფეხბურთელებს სათამაშო ამპლუების მიხედვით ცალკე გვესაუბრებოდა, თამაშის წინ კი საერთო დარიგებას გვაძლევდა. სხვათა შორის, ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნო – ფინალის წინ, სანამ მოედანზე გავიდოდით, ახალკაცმა უწმინდესის დეპეშა წაგვიკითხა – ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა“, – განაცხადა ნუკრი კაკილაშვილმა.