საფეხბურთო ტაიმაუტი | გია გეგუჩაძე - ევრო 2024-ზე გასვლაში ამ ბიჭების პრაგმატიზმიც დაგვეხმარა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გია გეგუჩაძე - ევრო 2024-ზე გასვლაში ამ ბიჭების პრაგმატიზმიც დაგვეხმარა #1TVSPORT

ცნობილმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ განაცხადა, რომ, პაუზის მიუხედავად, აქტიურ სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებას ელოდება. ამავე დროს, გაიხსენა ბათუმის „დინამოში“ საქმიანობა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილს წვრთნიდა.

„ჯერ ახალი არაფერია, გაჩერებული ვარ და ვისვენებ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საქმეში მალე მომიწევს ჩართვა. მივაღწიე თუ არა ბათუმის „დინამოში“ იმას, რაც დაგეგმილი მქონდა? ჩემი აზრით, განვითარების საფუძველი საფეხბურთო აკადემიის ჩამოყალიბება უნდა გამხდარიყო, მაგრამ პროცესები ისე წარიმართა, ევროტურნირზე გასვლა მოგვიხდა და გეგმებიც შეიცვალა. პლუს ბევრი ქართველი მწვრთნელია, რომლებსაც თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლევათ. ამიტომ მიმაჩნია, რომ კლუბებს სხვანაირი განვითარება სჭირდებათ, ჩვენი გუნდები ევროტურნირების მუდმივი მონაწილეები რომ გახდნენ. გული მწყდება, რომ ბათუმის „დინამოში“ ეს ვერ მოვახერხეთ.

ხვიჩა კვარაცხელია ევროტურნირებამდე გვეხმარებოდა. სასწაული მოტივაციით გამოირჩეოდა, ვარჯიშზეც და თამაშებზეც ბოლომდე იხარჯებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, უნდა წასულიყო, ფეხებს არ უფრთხილდებოდა და ბრძოლაში შედიოდა. გადასარევი პიროვნებაა და როგორც ფეხბურთელს კი აღარ დავახასიათებ – ეს ყველამ კარგად იცის.

იმავეს ვიტყვი ზურიკო დავითაშვილზე და ირაკლი აზაროვზე. მიხარია, რომ მათთან ვთანამშრომლობდი. ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრების წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მათ პროფესიონალური და პრაგმატული მიდგომები ჰქონდათ. ხვიჩა ძალიან ფანტაზიორია, მაგრამ ამავე დროს იცის, რა უნდა, რატომ და რისთვის. ეს აქვთ ამ ბიჭებს – იციან, წინსვლისთვის რა სჭირდებათ“.