საფეხბურთო ტაიმაუტი | გია გეგუჩაძე - თუ კადრების მომზადებაზე არ ვიზრუნეთ, ლეგიონერებისკენ მიმართული საკადრო პოლიტიკა არ გამოგვადგება #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გია გეგუჩაძე - თუ კადრების მომზადებაზე არ ვიზრუნეთ, ლეგიონერებისკენ მიმართული საკადრო პოლიტიკა არ გამოგვადგება #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ქართული ფეხბურთის პროფკავშირების დამფუძნებელმა, ცნობილმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ ორგანიზაციის დაფუძნების წინაპირობაზე ისაუბრა.

„საუბარი არა მხოლოდ მწვრთნელების უფლებების დაცვაზეა, არამედ ფეხბურთელების და ყველა იმ ადამიანის, ვინც ქართულ ფეხბურთშია დასაქმებული – ამაში იგულისხმება იურიდიული, წმინდა საფეხბურთო და სოციალური დაცვა.

მწვრთნელები ხშირად ვსაუბრობთ, რა ხდება ქართულ ფეხბურთში და ბოლო დროს ლეგიონერების მოჭარბებული რაოდენობა შეინიშნება. ეს ეხება როგორც ფეხბურთელებს, ასევე მწვრთნელებს. ბევრი მათგანის კვალიფიკაცია კითხვებს ბადებს და ბევრად უკეთესი მოთამაშეები და მწვრთნელები გვყავს.

ეს მწვრთნელების უდიდეს უმრავლესობას აწუხებდა და სამსჯელოდ ამიტომ გამოვიტანეთ. თუმცა, მხოლოდ პრობლემის შემოხაზვით არ შემოვიფარგლებით და მის გადაჭრაზეც ვფიქრობთ. ეს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს და თუ საჭიროდ ჩაითვლება, ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს. თუ ჩვენი წევრი მოგვმართავს, მისი უფლებები დაცული იქნება.

ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია – ქართულ ფეხბურთში ბევრის ადგილი რომ არ მოიძებნა, იძლებულები გახდნენ, საზღვარგარეთ წასულიყვნენ. ეროვნულ ლიგაში ახლა ლეგიონერების რიცხვი 43 პროცენტია. ლეგიონერების წინააღმდეგი არ ვარ, თუ ჩვენს ფეხბურთს გააძლიერებენ, ვისგანაც ვისწავლით და ბევრს შევიძენთ.

19-წლამდე სამი ასაკობრივი ნაკრების წევრებიდან ეროვნულ ლიგაში თუნდაც ერთი წუთი მხოლოდ 12 ფეხბურთელმა ითამაშა. ეს ბიჭები პერსპექტიულებად და ჩვენს მომავლად მიიჩნევიან, მაგრამ სათამაშო დრო არ ეძლევათ, რადგან მათი ადგილი უცხოელებმა დაიკავეს. ჩვენ ეს გვადარდებს და თუ ამ პრობლემას აღიარებენ, შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ.

ამ დროს, ეროვნული ლიგის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ ერთი უცხოელი იყო. ამას რატომ ვამბობ – ეს ფაქტი აქ ჩამოყვანილი ლეგიონერების დონეზე მეტყველებს. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ფეხბურთელები უნდა გავზარდოთ და უცხოეთში გავუშვათ. და თუ კადრების მომზადებაზე არ ვიზრუნეთ, ლეგიონერებზე აღებული საკადრო პოლიტიკა არ გამოგვადგება.

ნათელი მაგალითი ეროვნული ნაკრებია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ამ გუნდით ვამაყობთ, სადაც ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელები არიან. ამით დავამტკიცეთ, რომ ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს. ნიჭიერი ფეხბურთელები კიდევ მრავლადაა და განვითარება სჭირდებათ.  ვფიქრობ, რომ გზა მათ უნდა მიეცეთ. ფეხბურთის ფედერაციასთან და კლუბებთან თანამშრომლობაა საჭირო, რომ საერთოდ აზრზე ჩამოვყალიბდეთ და ერთი სათამაშო წესი გვქონდეს“, – ამბობს გია გეგუჩაძე.