ჯულიან ასანჟი აცხადებს, რომ ეკვადორი აშშ-ისთვის მის გადაცემას გეგმავს
ვებგვერდ WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, რომელიც წლებია ლონდონში, ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს, აცხადებს, რომ ეკვადორი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მის გადაცემას გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ჯულიან ასანჟი აცხადებს, ეკვადორის მთავრობამ მისგან სამედიცინო ხარჯების, სატელეფონო ზარების საფასურისა და კატის მოვლის ღირებულების ანაზღაურება მოითხოვა. ასანჟი მიიჩნევს, რომ ახალი წესები მიანიშნებს, რომ ეკვადორი დიპლომატიური წარმომადგენლობიდან მის გაძევებას ცდილობს. ვებგვერდის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ეკვადორის ახალ პრეზიდენტს, ლენინ მორენოს უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტილება, დაატოვებინოს მას საელჩო, თუმცა ამის შესახებ განკარგულება ჯერ არ გაუცია.
თავის მხრივ, გასულ კვირას ეკვადორის მთავრობის წარმომადგენელმა, ინიგო სალვადორმა განცხადა, რომ ასანჟს შეუძლია, დარჩეს საელჩოში რამდენ ხანსაც უნდა, ახალი წესების დაცვით. როგორც მან აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი ირწმუნება, რომ საელჩოს დატოვების შემთხვევაში, ასანჟის ექსტრადირება არ იგეგმება.
ჯულიან ასანჟმა ეკვადორის საელჩოს ექვსი წლის წინ შეაფარა თავი, რათა შვედეთში ექსტრადირება აერიდებინა თავიდან. შვედეთში მას სექსუალურ ძალადობაში ედებოდა ბრალი, თუმცა მოგვიანებით ეს ბრალდება მოუხსნეს. ასანჟს ასევე დიდი ბრიტანეთიდან ვაშინგტონში ექსტრადირება ემუქრება, სადაც მას საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებაში ადანაშაულებენ.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ეკვადორის საელჩოს პერსონალი უკმაყოფილოა, რომ ასანჟი დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში სკეიტბორდით დადის, ბურთს თამაშობს და დაცვის თანამშრომლების მიმართ აგრესიულად არის განწყობილი.