ჯუანშერ ბურჭულაძე - საქართველოში ნატო-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოს ვიზიტი ადასტურებს ალიანსის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ
ჯუანშერ ბურჭულაძე - საქართველოში ნატო-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოს ვიზიტი ადასტურებს ალიანსის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ

ნატო-საქართველოს თანამშრომლობა გამოირჩევა უპრეცედენტო, შეუქცევადი დინამიკით, რასაც ცხადყოფს ალიანსის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადების პროცესში, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრის შემდეგ.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ვიზიტი ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

მისი განცხადებით, ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ნატო- სთან სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტები, ნატო-საქართველოს შორის არსებული ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა, კერძოდ, განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების გზაზე მიღწეული პროგრესი, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა ავღანეთში ნატო-ს მიერ წარმოებულ მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზეც.

​„საქართველო, როგორც ალიანსის დასაყრდენი და საიმედო პარტნიორი და მომავალი წევრი, ორ ათწლეულზე მეტი მხარდამხარ იბრძოდა ნატო-ს სამხედროებთან ერთად, და წარმოადგენდა ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრიბუტორ სახელმწიფოს ავღანეთში ნატო-ს მიერ წარმოებულ მისიებში. მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულების შემდგომ პერიოდშიც, საქართველომ, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი შესაძლებლობებითა და მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა ალიანსის ძალებს ტრანზიტისა და ევაკუაციის პროცესში, რაც მეტყველებს ჩვენი ძალისხმევის წარმატებასა და იმ პროგრესზე, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მივაღწიეთ“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს ნატო-ს სამხედრო კომიტეტს. ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა გაიმართება. გაიმართა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობებსაც გაეცნენ.