ჯუანშერ ბურჭულაძე - პარტნიორების პოზიცია არის უცვლელი და ძალიან მტკიცე, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ბრიუსელში გამართული შეხვედრების დროს პარტნიორების მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივნათან, ასევე, მქონდა საშუალება, გაგვეცვალა ჩვენი მოსაზრებები, შეხედულებები და კიდევ ერთხელ მიგვეღო ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერა. შევხვდი ჩემს კოლეგებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან, რა თქმა უნდა, მათი პოზიცია არის უცვლელი და ძალიან მტკიცე, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.
ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის მთლიანობა. ნატო არის ის ერთადერთი გზა, რითიც ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას, სხვა გზას ამ ამოცანის მიღწევისთვის ვერ ვხედავთ“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ასევე ხაზი გაუსვა უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერას.
„ჩვენ ვისაუბრეთ და ხაზი გავუსვით ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ჩვენ ვისაუბრეთ იმ რისკებზე, რაც შეიძლება, საქართველოს ჰქონდეს ახლო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ნატო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ ჩვენ გამოგვიცხადა სრული მხარდაჭერა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.