ჯუანშერ ბურჭულაძე - მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო მოსამსახურეების საქმეები ჩვენთან არ ინახება, მაინც დავიწყეთ მოკვლევა, გავრცელებული ინფორმაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული პროვოკაციაა
მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო მოსამსახურეების საქმეები ჩვენთან არ ინახება, ჩვენ, სამხედრო პოლიციამ დავიწყეთ მაინც მოკვლევა, რომ დავაზღვიოთ ანალოგიური რისკები, ჩვენ ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს ჯარისკაცების პერსონალურ ინფორმაციას, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მიჰყიდა თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები, სახელმწიფოსთვის დესქტრუქციის მოწყობას ემსახურება.
„ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, ჩვენ დავხურეთ ისეთი ინფორმაციაც კი, რაც შეიცავდა ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობას და ა.შ. ჩვენ ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს ჯარისკაცები პერსონალურ ინფორმაციას. თუმცა, ჩემი აზრით, ეს კამპანია არის პროვოცირებული ჩვენი ოპოზიციური მედიის. ამ კვირას სამ ადამიანს მივანიჭე გენერლობა, ერთ-ერთი მათგანი, კახა ტაბატაძე ომის დროს ასრულებდა პირველი ბრიგადის მეთაურის მოვალეობას, იყოს არტილერიის ბატალიონის მეთაური. ჯარი ზოგადად ისეთი სტრუქტურაა, სადაც არიან დიდი ხნის განმავლობაში და ეტაპობრივად მიმდინარეობს დაწინაურება. ჩვენ არ მოგვიყვანია აქ ჯარისკაცები, ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ, არ უნდა შეეხოთ ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს გმირებს. ეს არის ორგანიზებული პროვოკაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. მინდა, გირჩიოთ, სტუდიაში იწვევთ ხალხს, თქვენს სამხედრო ექსპერტებს, ვითომ პოლიტიკოსებს, ხუთი წელია უკვე შეიცვალა და ჩვენი ჯარის სახელი არ იციან. ჩვენს ჯარს დღეს ჰქვია თავდაცვის ძალები და არა შეიარაღებული ძალები. თქვენმა რესპონდენტებმა სახელიც კი არ იციან, რა ჰქვია ჩვენს ჯარს. მაგალითად, პარლამენტში ჩემი გამოსვლის დროს, ბატონი დევი ჭანკოტაძე, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნახეთ, რა სახელს უწოდებს თავდაცვის ძალებს. საბა ბუაძე ნახეთ. ამ ხალხმა არ იციან, რა ჰქვია ჩვენს ჯარს. ამ ხალხს აინტერესებს ჩვენი ჯარისკაცების ბედი? ამ ხალხს მხოლოდ აინტერესებს ჩვენი სახელმწიფოსთვის დესტრუქციის მოწყობა“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა.