ჯუანშერ ბურჭულაძე - დღეს ჩვენს ჯარისკაცებს აქვთ მოდერნიზებული, ნატო-ს წევრი ქვეყნების დონის ინფრასტრუქტურა
ჯუანშერ ბურჭულაძე - დღეს ჩვენს ჯარისკაცებს აქვთ მოდერნიზებული, ნატო-ს წევრი ქვეყნების დონის ინფრასტრუქტურა

ჩვენ ვაგრძელებთ ჯარისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური საშუალებების განვითარებას. ეს ის აუცილებელი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი სამხედროების ღირსეული კვების, სამუშაო გარემოს და დასვენების პირობებს, სამხედრო ტექნიკისა და ქონების მოვლის სათანადო საშუალებებს, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის თქმით ინფრასტრუქტურის განახლებისა და მშენებლობის მიმართულებით ბოლო ოთხ წელიწადში 360 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ და ყველა მცირე ზომის ლოკაციაზე, ბაზაზე და ბრიგადაში ნატო-ს სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვექნება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისი განმარტებით, დღეს სამხედრო მოსამსახურეებს აქვთ მოდერნიზებული, ნატო-ს წევრი ქვეყნების დონის ინფრასტრუქტურა.

„2024 წელს, ამ მიზნით, თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი და გეგმაში გვაქვს, ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ. ობიექტებს სჭირდება, მოვლა-შენახვა და სადაც ექსპლუატაციის ვადები გასულია, იმ ობიექტებზეც შევდივართ, რომ არსებული შენობების სარემონტო სამუშაოები ჩატარდეს“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.

„ვამაყობთ ჩვენი კადეტებით და ჩვენი მიზანია, მეტი ახალგაზრდა გვყავდეს პატრიოტული სულისკვეთებით, სწორედ კადეტთა სამხედრო ლიცეუმზე გაზრდილმა მოთხოვნამ წარმოშვა ლიცეუმის აშენების საჭიროება. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი თბილისში აშენდება, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს დაფარავს“, – განაცხადა თავდაცის მინისტრმა.