ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან გამართა შეხვედრა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ს უმაღლეს სამხედრო წარმომადგენელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში რუსეთის მხრიდან მზარდი სამხედრო აგრესიის ფონზე, ნატო-ს მტკიცე პოზიციასა და ღია კარის პრინციპის დაცვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ადმირალ ბაუერთან შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ნატო-სთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით საქართველო განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების შექმნას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-სა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის მარტში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებას, რომელსაც საქართველო უკვე მესამედ უმასპინძლებს.
საუბრისას ასევე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის სტრატეგიულ დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობასა და საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე საერთაშორისო მისიებში.