JTEC-ში ნატო-ს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსის მაიკლ ლუნდის გაცილების ცერემონიალი გაიმართა
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), ამავე ცენტრის ნატო-ს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ მაიკლ ლუნდის გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ საქართველოსა და ნატო-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვიცე-პოლკოვნიკ მაიკლ ლუნდს მადლობა გადაუხადა და უწყებრივი მედალი „ღირსეული პარტნიორი” გადასცა.
ვიცე–პოლკოვნიკი მაიკლ ლუნდი JTEC-ის ნატო-ს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსის მოვალეობას 2016 წლიდან ასრულებდა. მაიკლ ლუნდს JTEC-ის ჩამოყალიბებასა და განვითარების ყველა ეტაპში აქვს მონაწილეობა მიღებული.
დანიელი ვიცე-პოლკოვნიკი აქტიურად მონაწილეობდა „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვასა და აღსრულებაში. JTEC-ის ნატო-ს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი JTEC-სა და ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებაში.
„დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ძალიან კარგი ცერემონია გაიმართა. დღეს მოწყენილიც ვარ, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბედნიერიც ბევრი მიზეზის გამო. მოწყენილი ვარ, რადგან ხუთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ამ ქვეყანას ვტოვებ და ეს ძალიან რთულია. მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ვხედავ მთელი ამ ხუთი წლის განმავლობაში სამხედროებთან მიღწეულ შედეგს. ჩემთვის პატივი იყო, რომ მქონდა შესაძლებლობა საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად მემუშავა ხუთი წლის განმავლობაში. სამხედრო პირისთვის არ არის ჩვეულებრივი, ამდენი ხნის განმავლობაში აქ დარჩე, მაგრამ სინამდვილეში, აქ როგორც ნატო-ს წარმომადგენელი, ისე ვიმყოფები. საქართველოში მუშაობამ მრავალმხრივი გამოცდილება შემძინა. პრივილეგია იყო გამოცდილ და პროფესიონალ ქართველ ოფიცრებთან და სამოქალაქო პირებთან ერთად მუშაობა. მე ვიტყოდი, ჩვენი მისია, გეგმის თანახმად, შესრულებულია. დანია გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას. ეს მხოლოდ მე ვტოვებ საქართველოს, თორემ დანია მომავალშიც აგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას“, – განაცხადა JTEC-ის ნატო-ს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსის-ვიცე-პოლკოვნიკმა, მაიკლ ლუნდიმ.