ჯოზეფ ბორელი - წელს მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის, მივესალმებით აქამდე განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს და მოგიწოდებთ, დაასრულოთ ისინი არჩევნებამდე
წელს მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის. მე ვაკავშირებ ამას თქვენს საარჩევნო პროცესთან. მივესალმებით აქამდე განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს და მოგიწოდებთ, დაასრულოთ ისინი დაგეგმილ არჩევნებამდე ადრე, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
როგორც ბორელმა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია ასევე, რომ ერთად გააძლიერონ საქართველოს მედეგობა.
„წელს მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის. მე ვაკავშირებ ამას თქვენს საარჩევნო პროცესთან. ჩვენ მივესალმებით აქამდე განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს და მოგიწოდებთ, რომ დაასრულოთ ისინი დაგეგმილ არჩევნებამდე ადრე, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნებისთვის ვენეციის კომისიისა და ოდირის შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით.
დაბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი: დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია, ერთად გავაძლიეროთ საქართველოს მედეგობა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში, გვყავს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის ჩვენი ყველაზე ხანგრძლივი მისია რეგიონში. ვფიქრობ, ისინი ასრულებენ მნიშვნელოვან სამუშაოს თქვენი ხალხისთვის ყოველდიურად. ჩვენ ასევე საქართველოსთან მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ ჩვენი უსაფრთხოება და თავდაცვითი თანამშრომლობა ევროპული მშვიდობის ფონდის საშუალებით, ინჟინერიის, ლოგისტიკისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების მხარდაჭერით, რისთვისაც ამ დრომდე გამოიყო 63 მილიონ ევრომდე. ეს მხარდაჭერა მიმდინარე წელს გაიზრდება. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ფართო სპექტრი და ერთ-ერთი უკანასკნელი არის თქვენი შეთავაზება, შეუერთდეთ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმს. ეს უნდა შეთანხმდეს წლის ბოლოსთვის“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.