ჯოზეფ ბორელი - დღეს გვჭირდება ნაკლები აპლოდისმენტები და მეტი დახმარება, ნაკლები უნდა ვილაპარაკოთ ზელენსკის გმირობაზე და ამის ნაცვლად, მეტი იარაღი გადავცეთ უკრაინას
ჯოზეფ ბორელი - დღეს გვჭირდება ნაკლები აპლოდისმენტები და მეტი დახმარება, ნაკლები უნდა ვილაპარაკოთ ზელენსკის გმირობაზე და ამის ნაცვლად, მეტი იარაღი გადავცეთ უკრაინას

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინის დაცვა უნდა გააგრძელოს. მისივე თქმით, ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ომის შედეგი.

დიპლომატის განცხადებით, ევროპას არ სურს ომის ისე დასრულება, რომ შედეგად უკრაინა იყოს დანგრეული და დანაწევრებული, საიდანაც მილიონობით ადამიანი გაიქცა და უამრავი დაიღუპა.

„ეს რომ არ დავუშვათ, უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ გვინდა, ომი დასრულდეს, მაგრამ არა ნებისმიერი შესაძლო შედეგით, სწორედ ამიტომ უნდა განვაგრძოთ უკრაინის შეიარაღება და ჩვენ დღეს გვჭირდება ნაკლები აპლოდისმენტები და მეტი დახმარება. ნაკლები უნდა ვილაპარაკოთ ზელენსკის გმირობაზე და ამის ნაცვლად, მეტი იარაღი გადავცეთ უკრაინას. ეს არის რასაც უკრაინელები ჩვენგან ელოდებიან და ეს არის, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ. მეტი ზეწოლა უნდა განვახორციელოთ რუსეთზე და დავეხმაროთ უკრაინას თავდაცვაში. ჩვენ უკრაინას უკვე გადავეცით ერთი მილიარდი ევრო. ეს თითქოს დიდი თანხაა, მაგრამ ჩვენ იმავე თანხას ვუხდით პუტინს ყოველდღე ენერგორესურსებისთვის. ომის დაწყებიდან დღემდე, ჩვენ პუტინს 35 მილიარდი ევრო გადავუხადეთ. შეადარეთ ეს უკრაინისთვის გაწეულ ერთ მილიარდ ევროს. ეს განსხვავება ხაზს უსვამს იმას, რომ რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა შევამციროთ რუსეთზე დამოკიდებულება“, – განაცხადა ბორელმა ევროპარლამენტში გამოსვლის დროს.

როგორც ესპანელმა დიპლომატმა აღნიშნა, ევროპელებმა უნდა გააცნობიერონ საკუთარი ადგილი სამყაროში.

„ჩვენ წარმოვადგენთ გლობალური მოსახლეობის 5%-ს. 25%-ს წარმოვადგენდით წინა დიდ ომამდე. ჩვენ გარშემორტყმული ვართ არასტაბილურობის წრით, გიბრალტარიდან კავკასიამდე. ამავე დროს, ძალიან ვართ დამოკიდებული ენერგეტიკის კუთხით. ჩვენ ვართ ღარიბები, მოხუცები და დამოკიდებულები. ეს არ არის კარგი რეცეპტი მომავლისთვის. ჩვენ უნდა გავახალგაზრდავდეთ, უნდა გვქონდეს მეტი გავლენა, მეტი შესაძლებლობა პრინციპებისა და ღირებულებების დასაცავად. ასევე უნდა უზრუნველვყოთ, რომ ევროპის საბჭოს და ევროკომისიის, ევროკავშირის წევრების პოზიცია იყოს კოორდინირებული. მადლობა ღმერთს, ჩვენ გვაქვს ევროკავშირი. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ევროკავშირის წევრები ცალ-ცალკე რომ ყოფილიყვნენ. წარმოიდგინეთ, ყველაზე დიდი წევრიც კი მარტო რომ ყოფილიყო ამ ახალ სამყაროში, რა მოხდებოდა? ამიტომ ჩვენი ერთიანობა არის მთავარი ფასეულობა, რომელიც გაგვაჩნია“, – განაცხადა ბორელმა.