არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება, – ეს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაა, რომელიც მან ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული იერიშის შემდეგ გააკეთა.
„ჩვენ ვცდილობთ ცეცხლის შეწყვეტას დიპლომატიური გზით მივაღწიოთ, მაგრამ როგორც ჩანს, არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება, არც ღაზაში და არც დასავლეთ სანაპიროზე“, – განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, ისრაელი არ მოისვენებს, ვიდრე „ჰეზბოლა“ არ განადგურდება.
„და თუ განადგურების ინტერპრეტაცია იგივეა, რაც „ჰამასის“ შემთხვევაში, მაშინ ჩვენ წინ დიდი ომი გვაქვს”, – ამბობს ევროკომისარი.
ლიბანში ბოლო რამდენიმე დღეა, მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. 27 სექტემბერს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის სამიზნე ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა იყო. გავრცელებული ცნობებით, ჰასან ნასრალა ცოცხალია.