ჯოზეფ ბორელი - ევროპელები არასაკმარის ხარჯებს იღებდნენ თავდაცვისთვის, ახლა უნდა ავანაზღაუროთ დაკარგული დრო და მოვიფიქროთ, როგორ გავაძლიეროთ თავდაცვითი შესაძლებლობები
ჯოზეფ ბორელი - ევროპელები არასაკმარის ხარჯებს იღებდნენ თავდაცვისთვის, ახლა უნდა ავანაზღაუროთ დაკარგული დრო და მოვიფიქროთ, როგორ გავაძლიეროთ თავდაცვითი შესაძლებლობები

დღეს ძალიან კარგი შესაძლებლობა გვაქვს უკრაინის მიმართ ჩვენი ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

ბორელის თქმით, სამიტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნები ასევე თავდაცვით საკითხებს განიხილავენ.

„ჩემთვის ეს საბჭოს სხდომა განსაკუთრებულია, რადგან პრეზიდენტ ზელენსკისთან ხელს მოვაწერთ „უკრაინის მიმართ ევროკავშირის უსაფრთხოების ვალდებულებებს“. თავის მხრივ, ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ ეს უკვე გააკეთა. იქნება შესაძლებლობა, რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული სარგებლით დავაფაროთ უსაფრთხოების ვალდებულებები, იქნება ეს სამხედრო, ფინანსური თუ დიპლომატიური. კარგია, რომ ამ თანხას უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის გამოვიყენებთ. გავწვრთნით მათ სამხედროებს, განვავითარებთ მათ თავდაცვით ინდუსტრიას და უზრუნველვყოფთ მეტ სამხედრო მხარდაჭერას. ვფიქრობ, დღეს ძალიან კარგი შესაძლებლობა გვაქვს უკრაინის მიმართ ჩვენი ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის.

ასევე განვიხილავთ თავდაცვის საკითხებს. ევროპელები არასაკმარის ხარჯებს იღებდნენ თავდაცვისთვის. ახლა ჩვენ უნდა ავანაზღაუროთ დაკარგული დრო. უნდა მოვიფიქროთ, როგორ დავაფინანსოთ და გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები. ეს მარტივი არ იქნება, რადგან არც წევრ ქვეყნებსა და არც ევროკავშირს არ აქვს საკმარისი რესურსები ასეთი ძლიერი ბიძგისთვის, მაგრამ ნათელია, რომ ევროპული კრიზისის შემდეგ ევროპელებს არასაკმარისი შენატანი ჰქონდათ თავდაცვაში. როდესაც ომი დაიწყო, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი სამხედრო მარაგები არასაკმარისია და ევროკავშირს გარეთ უნდა შევიძინოთ სამხედრო მარაგების თითქმის 75%. ეს ხელმისაწვდომი არაა და არც გეოსტრატეგიულადაა სწორი ქცევა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.