ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირში არ ვყიდულობთ რუსულ ნავთობს, მაგრამ ვყიდულობთ დიზელს, რომელიც მიიღება რუსული ნავთობის სხვაგან გადამუშავებით, ეს არის სანქციების გვერდის ავლის შედეგი
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირში არ ვყიდულობთ რუსულ ნავთობს, მაგრამ ვყიდულობთ დიზელს, რომელიც მიიღება რუსული ნავთობის სხვაგან გადამუშავებით, ეს არის სანქციების გვერდის ავლის შედეგი

რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც არ ექვემდებარებიან ევროპულ კანონს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი საკუთარ ბლოგზე წერს.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ვერავინ დაადანაშაულებს ინდოეთის კომპანიებს რუსეთის ნავთობის გადამუშავების გამო, რადგან ინდოეთის კომპანიები ევროპულ კანონებს არ ექვემდებარებიან.

„როგორც ევროკავშირს, ჩვენ არ გვინდა, ვიყიდოთ რუსეთის ენერგოექსპორტი, რადგან არ გვინდა მისი ომის დაფინანსება უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე არ გვინდა, გავყიდოთ ტექნოლოგიური პროდუქტები და კომპონენტები, რომლებიც რუსეთს სჭირდება თავისი საბრძოლო მანქანისთვის. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილებები, რომლებიც სავალდებულოა ევროკავშირის ეკონომიკური ოპერატორებისთვის. მაშინაც კი, თუ ჩვენ გვინდა, რომ სხვა ქვეყნებმა იგივე გააკეთონ, ჩვენ ვერ ვაიძულებთ მათ, რადგან ჩვენი სანქციები არ არის ექსტრატერიტორიული. ამიტომ ჩვენი შემაკავებელი ზომების გვერდის ავლის მცდელობა დელიკატური საკითხია. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ექვემდებარებიან ევროპულ კანონს. ჩვენ ევროკავშირში არ ვყიდულობთ რუსულ ნავთობს, მაგრამ ვყიდულობთ დიზელს, რომელიც მიიღება ამ რუსული ნავთობის სხვაგან გადამუშავებით. ეს არის ჩვენი სანქციების გვერდის ავლის შედეგი და ჩვენმა წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. თუ ინდური ქარხნები ყიდიან, ეს იმიტომ ხდება, რომ ევროპული კომპანიები ყიდულობენ პირდაპირ ან შუამავლების მეშვეობით“, – წერს ჯოზეფ ბორელი.