ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას საბრძოლო მასალებს კიევის გადაუდებელი მოთხოვნის საფუძველზე აწვდიან და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე რაოდენობა უნდა გაიზარდოს
ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას საბრძოლო მასალებს კიევის გადაუდებელი მოთხოვნის საფუძველზე აწვდიან და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათი რაოდენობა უნდა გაიზარდოს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, მინისტერიალის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინის საჭიროებებზე. შემიძლია ვთქვა, რომ 31 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო მხარდაჭერა უკვე აღმოჩენილია. ვაგრძელებთ დაპირების შესრულებას, რომელიც მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალების მიწოდებას ითვალისწინებს. უკვე მიწოდებულია ათასამდე რაკეტა. საბრძოლო მასალის რაოდენობა იმატებს და უახლოეს დღეებში უფრო სწრაფად უნდა გაიზარდოს“, – აღნიშნა ბორელმა.
ჯოზეფ ბორელის თქმით, უკვე მუშაობს შეთანხმების პირველი ნაწილი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის უკრაინაში საბრძოლო მასალის გაგზავნის ხარჯების ანაზღაურებას ეხება. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც ევროკავშირის ერთობლივი შესყიდვების ერთი მილიარდი ევროთი დაფინანსებას ითვალისწინებს, ამაზე მინისტრებმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
„ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა გადაუდებლად საჭიროებს საბრძოლო მასალებსა და რეკეტებს, რაც მათ თავიანთი ტერიტორიის დასაცავად სჭირდებათ. სიტუაცია არ არის შემდეგნაირი, რომ რუსეთს არ სურს გაჩერება და უკრაინასაც არ სურს გაჩერება. რუსეთს არ სურს ინტერვენციის შეწყვეტა და უკრაინამ უნდა გააგრძელოს თავდაცვა. ესაა სწორი განმარტება იმისა, რაც იქ ხდება“, – განაცხადა ბორელმა.