ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, დააჩქარონ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება და მიიღონ მონაწილეობა უკრაინისთვის აღჭურვილობის ერთობლივ შესყიდვაში
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, დააჩქარონ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება და მიიღონ მონაწილეობა უკრაინისთვის აღჭურვილობის ერთობლივ შესყიდვაში. ამის შესახებ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის დახმარება უკრაინელებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რათა მათ შეძლონ საკუთარი ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დაცვა.
ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის საწვრთნელი მისიის ფარგლებში უკვე დასრულდა 15 ათასი უკრაინელი სამხედროს მომზადება და მიმდინარე წლის ბოლომდე წვრთნას კიდევ 15 ათასი გაივლის.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ცნობით, მინისტრებმა ასევე განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი, რომელიც ფოკუსირებულია მოქმედი შეზღუდვების გვერდის ავლის აღკვეთაზე.
„მე ხაზი გავუსვი, რომ ჩვენ მიერ იარაღის მიწოდების შეყოვნების ყოველი დღე ადამიანების სიცოცხლით იზომება. ეს არ არის ფულის საკითხი, საქმე ეხება ადამიანებს, სამხედროებს, რომლებსაც კლავენ ან ჭრილობებს აყენებენ. მოვუწოდებ ყველა მინისტრს, დააჩქარონ მიწოდება და მონაწილეობა მიიღონ უკრაინისთვის აღჭურვილობის ერთობლივ შესყიდვაში, ასევე დაასრულონ მუშაობა ევროპის მშვიდობის ფონდიდან მორიგი ტრანშის გამოყოფაზე. კარგი სიახლეა, რომ ევროპულმა საწვრთნელმა მისიამ დაასრულა 15 უკრაინელი სამხედროს მომზადების პირველადი ამოცანა და ამ წლის ბოლომდე კიდევ 15 ათასს მოვამზადებთ. განვიხილეთ სანქციების მე-11 პაკეტი. ფოკუსი კეთდება სანქციების გვერდის ავლაზე, რასაც აქვს ადგილი. ჩვენ უნდა აღვკვეთოთ სანქციების გვერდის ავლის გზები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციები სუსტდება“,- განაცხადა ბორელმა.
ბორელის თქმით, მინისტრებმა ასევე განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია.
„ყველას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ერთადერთი, ვისაც, როგორც ჩანს, ამ ომის გაგრძელება სურს, პუტინია. არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად და სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივას სამართლიანი მშვიდობისთვის. ის, ვინც ნამდვილად დაინტერესებულია მშვიდობით, ვერ დააყენებს მსხვერპლსა და აგრესორს თანაბარ დონეზე“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.