ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ, როგორ უპასუხებენ ვიქტორ ორბანის ვიზიტებს რუსეთსა და ჩინეთში, ასევე უნგრეთის პოზიციას უკრაინაში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ, როგორ უპასუხებენ ვიქტორ ორბანის ვიზიტებს რუსეთსა და ჩინეთში, ასევე უნგრეთის პოზიციას უკრაინაში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ, როგორ უპასუხებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტებს რუსეთსა და ჩინეთში, ასევე უნგრეთის პოზიციას უკრაინაში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა.

„ჩვენ განვიხილავთ მომხდარს და უნგრეთის მთავრობის პოზიციებს“, – განაცხადა ბორელმა და აღნიშნულ ქმედებებს „მიუღებელი“ უწოდა.

მედიის ცნობით, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას სურს, რომ ბლოკმა უფრო მკაცრი პოზიცია გამოავლინოს ბუდაპეშტის მიმართ. მათ შორის, განიხილება ბუდაპეშტში აგვისტოს ბოლოს დაგეგმილი არაფორმალური შეხვედრის ბოიკოტი ან მონაწილე მინისტრების რაოდენობის შემცირება, თუმცა ამის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ის დაესწრება არაფორმალურ შეხვედრას და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ბუდაპეშტთან დიალოგის შენარჩუნება.

„დიალოგის იგნორირება ან არარჩევა შეცდომა იქნება“, – განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, უნგრეთი ივლისში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ქვეყანა ბლოკს როტაციული პრინციპით ექვსი ვადით უხელმძღვანელებს. თავმჯდომარე ქვეყნად გახდომიდან მალევე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეკინსა და მოსკოვს ეწვია. ორბანმა აღნიშნულ ვიზიტებს „სამშვიდობო მისია“ უწოდა.