ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის მოქალაქეები უკეთ უნდა იყვნენ ინფორმირებული, რას ნიშნავს მარიონეტული მთავრობა უკრაინაში, თუ რუსეთი მას დაიპყრობს
ევროკავშირის მოქალაქეები უკეთ უნდა იყვნენ ინფორმირებული, თუ რას ნიშნავს მარიონეტული მთავრობა უკრაინაში ისევე, როგორც ბელარუსში, თუ რუსეთი დაიპყრობს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„რუსეთი ყველაფერს გააკეთებს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ აპირებს დანებებას. მისი პოლიტიკური გადარჩენა ამაზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა ბორელმა.
მისივე თქმით, პუტინი აპირებს ბოლომდე სვლას თავისი ხალხისა და არმიის მსხვერპლად გაღების ფასად, რადგან ის განიცდის უზარმაზარ მატერიალურ და ადამიანურ ზარალს და ვერცერთ მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწია.
„როგორ ფიქრობთ, როცა ომი დაიწყო, პუტინს ერთი წამითაც კი წარმოედგინა, რომ ორ წელიწადში ის იქნებოდა იქ, სადაც არის? – არა. მას ეგონა, რომ მისი არმია ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ეს ასე არ არის. მას ეგონა, რომ უკრაინა ძალიან სუსტია, დაიშლება. ეს ასე არ მოხდა. მას ეგონა, ევროპული ერთობა დაინგრეოდა. ფიქრობდა, რომ ტრანსატლანტიკური ერთობა დაიშლებოდა. აქედან არცერთი არ მომხდარა“, – განაცხადა ბორელმა.
ბორელის თქმით, რუსეთი და მისი მმართველი ვლადიმერ პუტინი არის მეზობელი, რომელმაც არ იცის, სად იწყება და სად მთავრდება მისი საზღვრები.
ბორელის თქმით, ევროპარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მათი ვალდებულებაა, ადამიანებს უკეთ აუხსნან მიზეზები, თუ რატომ ეხმარება ევროკავშირი უკრაინას, რა შედეგები მოჰყვება მის დამარცხებას, რომ უკრაინის დამარცხება ნიშნავს, რომ რუსული არმია ევროპის საზღვართან დადგება.
„ეს ნიშნავს, რომ პუტინმა შეიძლება იფიქროს, რომ ერთხელ თუ გაიმარჯვა, რატომ არ დაამარცხოს მეორედ მეზობელი? მაგალითად, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი გააკონტროლებს მსოფლიო ხორბლის ბაზრის 35%-ს. არის პერსპექტივები, რაც ხალხმა უნდა იცოდეს“, – აღნიშნა ბორელმა.