ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი მიესალმება უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაერო-ს შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის შავი ზღვის პორტების ბლოკადის მოხსნაზე
ევროკავშირი მიესალმება უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაერო-ს მიერ დღეს სტამბოლში ხელმოწერილ შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის შავი ზღვის პორტების ბლოკადის მოხსნის შესახებ.
ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.
ბორელის შეფასებით, ეს არის წინ გადადგმული კრიტიკული ნაბიჯი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის გადასალახად.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიას აქვს გამანადგურებელი გლობალური შედეგები. რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და აღჭურვილობას, იწვევს საწვავის ნაკლებობას და მთელ მსოფლიოში ქმნის სურსათის მიწოდების პრობლემებს უკრაინის პორტების ბლოკირებით და უკრაინული მარცვლეულის მოპარვით. რუსეთმა ფაქტობრივად საფრთხის წინაშე დააყენა მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოება. ამჯამინდელი შეთანხმება არის ამ ნეგატიური კურსის შეცვლის შესაძლებლობა“, – აღნიშნულია ბორელის განცხადებაში.
ბორელის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს გაერო-ს ძალისხმევას და გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის ლიდერობას ამ საკითხში. ასევე, აქებს თურქეთს შეთანხმების მიღწევაში და ამ შეთანხმების შესრულების მხარდაჭერაში მისი მნიშვნელოვანი როლისთვის.
ევროკავშირი მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს უკრაინას, გლობალურ ბაზარზე გაიტანოს რაც შეიძლება მეტი მარცვლეული, რაც შეიძლება სწრაფად.
თურქეთმა, უკრაინამ და რუსეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს.