ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უდავოდ არსებობს იმის რისკი, რომ კონფლიქტი ლიბანამდეც მივა.
დუბაიში გამართულ პრესკონფერენციაზე ბორელმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ძალისხმევის მობილიზება „შემდგომი ესკალაციის“ თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული კომენტარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა კითხვა დასვა ლიბანში მომხდარი პეიჯერების მასშტაბური აფეთქების შესახებ.
ცნობისთვის, ლიბანში აფეთქებების შედეგად მსხვერპლის რიცხვი ცხრამდე გაიზარდა, ხოლო 2 800-მდე ადამიანი დაშავებულია. კოორდინირებული აფეთქებების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა სირიაშიც. გაერო-ში აცხადებენ, რომ ლიბანის მოვლენები „უკიდურესად შემაშფოთებელია“.
„უდავოდ, ყველაფერი, რაც რეგიონში პრობლემებს ქმნის, ცუდია. ასე რომ, კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – დასძინა ბორელმა აფეთქებასთან დაკავშირებით.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას ჯოზეფ ბორელი შეხვდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრსაც, რომელთან ერთადაც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის განხორციელების საკითხი განიხილა.
„სამწუხაროდ, კვირების განმავლობაში მიმდინარე განხილვების შემდეგაც კი, ჯერ შეთანხმებას ისევ ვერ მივაღწიეთ, თუმცა ადრე თუ გვიან ცეცხლის შეწყვეტა განხორციელდება“, – დასძინა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.