ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 26 ღაზაში დაუყოვნებლივ ჰუმანიტარულ პაუზას ითხოვს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 26 ღაზაში დაუყოვნებლივ ჰუმანიტარულ პაუზას ითხოვს. ამის შესახებ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.
„26-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა არსებულ განცხადებას და ასევე მოამზადა ახალიც, რომელიც ძირითადად იგივეა, მაგრამ დამატებულია პუნქტი, რომელიც მოითხოვს დაუყონებლივ ჰუმანიტარულ პაუზას, რასაც მოჰყვება ცეცხლის შეწყვეტა, მძევლების უპირობო გათავისუფლება და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა”, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ბორელმა არ დაასახელა ქვეყანა, რომელიც არ დაეთანხმა წინადადებას, თუმცა, როგორც „როიტერი“ წერს, დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი განცხადება რამდენიმე დღის წინ უნგრეთმა დაბლოკა.
ამასთან, ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამზადებს სანქციების ახალ პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
„ჩვენ განვაგრძობთ რუსეთის აქტივების ინვესტიციების შედეგად მიღებული შემოსავლების გამოყენებაზე მსჯელობას. მიზანია, რომ ისინი გამოვიყენოთ უკრაინის რეკონსტრუქციაში წვლილის შესატანად, მაგრამ ამ გადაწყვეტილების სრულად განსახორციელებლად ჯერ კიდევ არ არსებობს საბოლოო შეთანხმება“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.