ჯოზეფ ბაიდენი - 2014 წლის თებერვალში იანუკოვიჩს დავურეკე და შევახსენე, რომ რუსი მეგობრები ვერ იხსნიდნენ
ჯოზეფ ბაიდენი - 2014 წლის თებერვალში იანუკოვიჩს დავურეკე და შევახსენე, რომ რუსი მეგობრები ვერ იხსნიდნენ

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი თავის მემუარებში ვრცლად წერს უკრაინაზე. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Kyiv Post-ი ავრცელებს. წიგნის სახელია – „დამპირდი, მამა“. ბაიდენმა ის თავის შვილს, ბო ბაიდენს მიუძღვნა, რომელიც სიმსივნისგან 2015 წელს გარდაიცვალა. მემუარებში ვრცელი ადგილი ეთმობა უკრაინის კრიზისსაც.

2009-2017 წლებში, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას, ჯოზეფ ბაიდენი უკრაინაში ვიზიტით ექვსჯერ იმყოფებოდა.

წიგნში ჯოზეფ ბაიდენი უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან სატელეფონო საუბარს იხსენებს. როგორც ბაიდენი იხსენებს, მას შემდეგ, რაც 2014 წლის თებერვალში სნაიპერებმა ევრომაიდნის რევოლუციის ათობით აქტივისტი მოკლეს, მან მაშინდელ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს დაურეკა და უთხრა, რომ მას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, რადგან ხალხის ნდობა დაკარგა. ბაიდენთან სატელეფონო საუბრიდან ერთი დღის შემდეგ იანუკოვიჩმა უკრაინა დატოვა და რუსეთს შეაფარა თავი.

„მე იანუკოვიჩთან ბოლო საგანგებო ზარები 2014 წლის თებერვლის ბოლოს განვახორციელე, როდესაც მისი სნაიპერები უკრაინის ათობით მოქალაქეს კლავდნენ, ხოლო ჩვენ გვქონდა უტყუარი ინფორმაცია, რომ ის აქციის კიდევ უფრო სასტიკ დარბევას გეგმავდა. მე რამდენიმე თვის განმავლობაში ვაფრთხილებდი მას, რომ საკუთარი მოქალაქეების წინაშე თავშეკავებულობა გამოეჩინა. თუმცა იმ ღამით, როდესაც დემონსტრაციების დაწყებიდან უკვე სამი თვე იყო გასული, მე ვუთხარი მას, რომ ყველაფერი დასრულდა, დადგა დრო, უკან გაეხმო თავისი შეიარაღებული პირები და წასულიყო. მისი ერთადერთი მხარდამჭერები იყვნენ მისი პოლიტიკური მფარველები და მმართველები კრემლში, მე მას შევახსენე, რომ მისი რუსი მეგობრები ვერ იხსნიდნენ ამ კატასტროფისგან. იანუკოვიჩმა დაკარგა უკრაინელი ხალხის ნდობა და მას ისტორია გაასამართლებს, თუ ის თავისი ხალხის მოკვლას გააგრძელებს. დამცირებული პრეზიდენტი უკრაინიდან მეორე დღესვე გაიქცა, დემონსტრანტების სიმამაცისა და გადამწყვეტი მოქმედებების წყალობით, მთავრობაზე კონტროლი დროებით ახალგაზრდა პატრიოტის, არსენი იაცენიუკის ხელში აღმოჩნდა“, – წერს ბაიდენი მემუარებში.

თავის წიგნში აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დადებითად ახასიათებს უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს, რომელმაც თანამდებობა 2016 წლის აპრილში დატოვა. ბაიდენი იხსენებს, რომ იაცენიუკსა და პრეზიდენტ პოროშენკოს შორის უთანხმოება იყო.

„პოროშენკოსა და იაცენიუკის პარტიები ფუჭად კარგავდნენ ენერგიას ერთმანეთზე მაშინ, როდესაც მათ უნდა შეექმნათ ინსტიტუტები და უსაფრთხოების ძალები, რომლებიც ქვეყანას პუტინისგან დაიცავდნენ“, – წერს ბაიდენი.

ამას გარდა, მოგონებების წიგნში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი იმედგაცრუებას გამოთქვამს პეტრო პოროშენკოს მიერ კორუფციის წინააღმდეგ სუსტი ბრძოლის გამო.

ბაიდენი ასევე იმედგაცრუებას გამოხატავს იმის გამო, რომ ევროკავშირის ლიდერებმა, კერძოდ კი ანგელა მერკელმა რუსეთის წინაშე საკმარისად მტკიცე პოზიცია ვერ დაიკავეს.

„ჩემი აზრით, ის არ იყო საკმარისად მტკიცე“, – აღნიშნავს ჯოზეფ ბაიდენი, როდესაც 2015 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მერკელის გამოსვლას იხსენებს.

ჯოზეფ ბაიდენი წიგნში ასევე იზიარებს მოსაზრებას, რომ საჭიროა უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდება.

ბაიდენის აზრით, ამჟამად გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა უკრაინის ლიდერები, დაამარცხონ კორუფცია და გადააქციონ ქვეყანა დემოკრატიულ, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ სახელმწიფოდ, სწორედ ისეთად, როგორსაც ითხოვდნენ ევრომაიდნის რევოლუციის მონაწილეები.

უკრაინის კრიზისზე წერას ბაიდენი ასრულებს რადაში თავისი გამოსვლის გახსენებით, როდესაც მან უკრაინელ დეპუტატებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქვეყნის ინტერესების მოწინავე ადგილას დაყენებისკენ მოუწოდა.

„დასჭირდება მთელი თაობა ან უფრო მეტი იმის გაგებას, იყო თუ არა უკრაინის ღირსების რევოლუცია წარმატებული“, – წერს ბაიდენი.

ბაიდენის მემუარები სახელწოდებით „დამპირდი, მამა“ 2017 წლის 14 ნოემბერს გამოქვეყნდა. ამჟამად ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი თავისი წიგნის პრეზენტაციას აშშ-ის სხვადასხვა შტატში მართავს.