ჯორჯიის შტატში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ჯორჯიის შტატში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჯორჯიის შტატის ადგილობრივი ხელისუფლებს წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

ბრალდების თანახმად, ტრამპი აშშ-ის მთავრობას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლას სთხოვდა.

საქმის გამოძიება ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივნის კანცელარიაში დაიწყო, რაც შესაძლოა, გახდეს სამართლებრივი დევნის დაწყების საბაბიც.

ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანი ბრედ რაფენსპერგერი ამტკიცებს, რომ ტრამპის მხრიდან ზეწოლა 2 იანვარს განხორციელდა, როდესაც პრეზიდენტი მას ტელეფონით დაუკავშირდა და შტატში შედეგების გაუქმება მოსთხოვა. ამის მიზეზად ტრამპმა თაღლითობის უსაფუძვლო ბრალდებები დაასახელა.

„ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაცია საჩივრებს გამოიძიებს. ყველა სხვა იურიდიული ძალისხმევა გენერალური პროკურორის საქმეა“, – განაცხადეს ჯორჯიის შტატში სახელმწიფო მდივნის ოფისში.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ჯეისონ მილერმა განაცხადა, რომ ტრამპისა და ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივნის სატალეფონო საუბრისას პრეზიდენტს კანონი არ დაურღვევია.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, იურისტების მოსაზრებით, აღნიშნული სატელეფონო საუბრის დროს ტრამპს შეეძლო სამი კანონის დარღვევა. მათ შორის შეთქმულება არჩევნების გაყალბების მიზნით, დანაშაულებრივი წაქეზება არჩევნების გაყალბებისკენ და წინასწარ განზრახვით ჩარევა არჩეული პირების უფლებამოსილებაში.

ამ დანაშაულებებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა ჯორჯიის შტატში საპრეზიდენტო არჩევნებში 11 779 ხმით მოუგო დონალდ ტრამპს. ბაიდენი გახდა პირველი დემოკრატი კანდიდატი, რომელმაც ბოლო 28 წლის განმავლობაში ამ შტატში გაიმარჯვა.