„ჯორჯიან ეარვეისში“ აცხადებენ, რომ თბილისი-თელ ავივი-თბილისის მიმართულებით დღეისთვის დაგეგმილი რეისი შესრულდება
„ჯორჯიან ეარვეისში“ აცხადებენ, რომ თბილისი-თელ ავივი-თბილისის მიმართულებით დღეისთვის დაგეგმილი რეისი შესრულდება

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის რომან ბოკერიას განცხადებით, ისრაელში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, დღეისთვის დაგეგმილი რეისი თბილისი- თელ ავივი-თბილისის მიმართულებით შესრულდება.

რომან ბოკერიას თქმით, ისრაელში მყოფმა კოლეგებმა დაარწმუნეს, რომ ისრაელში ჩაფრენისა და უკან დაბრუნების საფრთხე არ არსებობს.

„ჯორჯიან ეარვეისში“ აცხადებენ, რომ რეისის შედეგად ისრაელიდან საქართველოში 166 ადამიანი დაბრუნდება.

„საქართველოს ეროვნული ავიახაზები „ჯორჯიან ეარვეისი“ დღეს ახორციელებს რეისს, თბილისი-თელ ავივი-თბილისი. რეისი დაგეგმილი იყო 19:10 საათზე. მოგეხსენებათ, ისრაელში საომარი მოქმედებების გამო, საფრთხის ქვეშ იდგა ამ რეისის განხორციელება, რადგან ისრაელის ბენგურიონის აეროპორტი დაკეტილი იყო და ჩვენ 12:00 საათამდე არ ვიცოდით, რეისი შესრულდებოდა თუ – არა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ხაზზე ვიყავით ისრაელის პარტნიორებთან და გაიხსნა აეროპორტი, რამაც საშუალება მოგვცა, განვახორციელოთ ჩვენი რეისი და უზრუნველვყოთ მგზავრების უსაფრთხო გადაფრენა თბილისიდან თელ ავივში და თელ ავივიდან – თბლისში. როგორც აღვნიშნე, თვითმფრინავი 19:10 საათზე გაფრინდება და ისრაელში ადგილობრივი დროით, 20:35 საათზე ჩაფრინდება. ერთი საათი გავჩერდებით აეროპორტში. მგზავრების განთავსებისა და უსაფრთხოების ყველა ზომის გადახედვის შემდეგ, გამოფრინდება თვითმფრინავი. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ბოინგი და 166 კაცს ჩამოიყვანს დღეს საქართველოში. თვითმფრინავი გამოფრინდება 20:35 საათზე და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება ღამის პირველ საათზე.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა უსაფრთხოების ზომა და გარანტიები გვქონოდა, რაშიც დაგვარწმუნეს ისრაელის კოლეგებმა და ამ დროისთვის ისრაელში ჩაფრენისა და ჩამოფრენის საფრთხე არ არსებობს“, – განაცხადა რომან ბოკერიამ.