„ჯორჯიან ეარვეისი“ 8 ივლისიდან თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განრიგს ცვლის
რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციების შედეგად, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 2019 წლის 8 ივლისიდან ცვლის თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განრიგს და მგზავრებს მოემსახურება თბილისი-(ერევანი)-მოსკოვი, (ერევანი)- თბილისის მარშრუტით, – ამის შესახებ ავიაკომპანიის კომერციული დირექტორის მოადგილე თამუნა თანდაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
„დაგეგმილია რეგულარული ორი რეისის განხორციელება, ყოველდღიურად მგზავრებს მაქსიმალური კომფორტისთვის, არ მოუწევთ ავიახომალდის დატოვება და ბარგის გადატანა.
მგზავრებს მოემსახურება ბოინგის ტიპის ხომალდი 737-700, რომელიც სერტიფიცირებულია იატასა და იკაოს წესების მიხედვით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსეთის გადაწყვეტილებით, 8 ივლისიდან პირდაპირ ავიაფრენებს ქვეყნებს შორის ექვსი რუსული და ორი ქართული ავიაკომპანია შეაჩერებს.