ჯორჯია მელონზე დამცინავი პოსტების გამო იტალიის სასამართლომ ჟურნალისტს 5 000 ევროს ჯარიმა დააკისრა
იტალიის სასამართლომ ჟურნალისტს 5 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მისამართით სოციალურ ქსელებში სიმაღლესთან დაკავშირებით დამცინავი პოსტების გამოქვეყნების გამო. ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს ინფორმაციას.
ჯულია კორტეზე ჟურნალისტია, რომელიც მილანში მუშაობს. როგორც მედია წერს, თავდაპირველად, მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ჯორჯია მელონის დამცინავი ფოტო დიქტატორ ბენიტო მუსოლინთან ერთად. ამის შემდეგ ჯორჯია მელონიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ადვოკატს ამ საქმის წინააღმდეგ ზომების მიღება დაავალა.
მელონის აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით კი ჟურნალისტმა დაწერა: „ის, რაც ფეისბუქგვერდზე დაატრიალეთ, მედიის სამსჯავრო, რომელიც ფეისბუქგვერდზე შექმენი, გაკვალიფიცირებს ისეთად, როგორიც ხარ: პატარა ქალი“. ჟურნალისტმა ასევე დაწერა: „არ შემაშინო, ჯორჯია მელონი. ყოველივე ამის შემდეგ თქვენ მხოლოდ 1,2 მეტრი (4 ფუტი) სიმაღლის ხართ. ვერც კი გხედავთ“.