ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში წამყვანი პოსტების განაწილების შეთანხმება ამომრჩეველთა ნებას უგულებელყოფს
ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში წამყვანი პოსტების განაწილების შეთანხმება ამომრჩეველთა ნებას უგულებელყოფს

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აკრიტიკებს ევროკავშირის ინსტიტუტებში წამყვანი პოსტების განაწილების შეთანხმებას და აცხადებს, რომ ეს უგულებელყოფს ამომრჩეველთა ნებას, რომელიც მათ ევროპარლამენტის არჩევნებზე გამოხატეს.

„არ ვფიქრობ, რომ ამ დროისთვის გაჩნდა სურვილი, გათვალისწინებული იყოს ის, რაც მოქალაქეებმა საარჩევნო ყუთებთან თქვეს“, – განაცხადა მელონიმ იტალიის პარლამენტის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას.

იტალიის პრემიერი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ის პარტიები, რომელთა პოლიტიკური მხარდაჭერა ბოლო არჩევნების შედეგად გაიზარდა.

„ევროკავშირის ინსტიტუტები მოიაზრებოდა როგორც ნეიტრალური ორგანიზაციები, რათა ყოფილიყვნენ გარანტორები ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, განურჩევლად ამ წევრი ქვეყნების მთავრობების პოლიტიკური ფერისა“, – აღნიშნა იტალიის ლიდერმა.

საერთაშორისო მედიის ცნობით, ევროკავშირის სამი წამყვანი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ძირითადად ცენტრისტული გაერთიანებებისგან შედგება და არ მოიცავს მელონის კონსერვატიულ პარტიას, ევროკავშირის მთავარ თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატებზე შეთანხმდა.

კერძოდ, ევროკომისიას მეორე ვადით კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციას ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დაიკავებს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტად კი პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა იქნება დასახელებული. აღნიშნული კანდიდატურები ოფიციალურად 27 ივნისს ევროკავშირის სამიტზე უნდა დაამტკიცონ.

ჯორჯია მელონის მემარჯვენე პარტიამ, „იტალიის ძმებმა“ იტალიაში არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა. ის იქნება უმსხვილესი ძალა ევროპარლამენტში „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების პარტიაში“. ულტრამემარჯვენეებმა წარმატებას მიაღწიეს ასევე საფრანგეთსა და გერმანიაში, სადაც ევროპარლამენტის არჩევნებში მმართველი პარტიები დამარცხდნენ.

როგორც სააგენტო „როიტერი“ დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მელონის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, შესაძლოა, იტალიას ევროკომისიაში ძლიერი წარმომადგენლობა შესთავაზოს.