ჯორჯა მელონი - ევროკავშირის ხელმძღვანელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დიდი შეცდომა და ევროპელების უპატივცემულობაა
ჯორჯა მელონი - ევროკავშირის ხელმძღვანელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დიდი შეცდომა და ევროპელების უპატივცემულობაა

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯა მელონის განცხადებით, ევროკავშირის ხელმძღვანელების კანდიდატურების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დიდი შეცდომაა და ევროპელი მოქალაქეების უპატივცემულობა.

ამის შესახებ მან ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.

„არ დავუჭირე მხარი ამ წინადადებას, დიდ შეცდომად მიმაჩნია. ვფიქრობ, ეს, უპირველეს ყოვლისა, არის ევროპელი მოქალაქეების მიმართ უპატივცემულობა, ამ მოქალაქეების მიერ გამოთქმული აზრის უპატივცემულობა“, – განაცხადა ჯორჯა მელონიმ.

მისივე თქმით, ლიდერები უნდა შეცვლილიყვნენ, რადგან ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ხალხს ცვლილებები სურდა.

„დისკუსიაც არ იყო მოსალოდნელი, თუ რა მანდატი უნდა ჰქონოდა მათ, ვინც ამ თანამდებობებს იკავებდნენ, რადგან არჩევნების შემდეგ ჩანდა, რომ ევროპელი მოქალაქეები ითხოვდნენ ახალი და განსხვავებული ხაზის შექმნას ევროკავშირისთვის“, – განმარტა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ბლოკის ხელმძღვანელების კანდიდატურებზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ხუთწლიანი ვადით ურსულა ფონ დერ ლაიენი დარჩეს.

ამავე დროს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე ლიდერებმა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელად პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა აირჩიეს, ხოლო საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე – ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი.

როგორც „როიტერი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯა მელონიმ ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურაზე კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, ასევე ხმა კაია კალასის და ანტონიუ კოშტას წინააღმდეგ მისცა.

ამასთან, „როიტერის“ ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც.