ჯორჯ ვისანი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
ჯორჯ ვისანი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს

ახალი კორონავირუსის (COVID-19) კრიზისი შავი ზღვის რეგიონისთვის შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს,- ამის შესახებ ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელიც „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მისი ავტორია რუმინეთის ენერგეტიკული ცენტრის შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამის კოორდინატორი ჯორჯ ვისანი.

პუბლიკაციაში საუბარია ახალი კორონავირუსის პანდემიის გავლენაზე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებზე. როგორც ავტორი წერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ოპერატიულად განხორციელებული ზომებისთვის შეაქო. ამავე დროს, ვისანი აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო მოგზაურობაზე დაწესებულ აკრძალვებს საქართველოზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება, რადგან ქვეყანა დიდად არის დამოკიდებული ტურიზმზე.

„ამ სტატიაზე მუშაობის დროს საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 115 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნის ოფიციალურ პირებს ვირუსის დასამარცხებლად ოპერატიულად განხორციელებული ზომებისთვის აქებს. სიფრთხილის გამოჩენის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში შესვლა ყველა მოგზაურს აუკრძალა და მაღალი რისკის შემცველი ქვეყნებიდან ფრენები დროებით შეაჩერა. მოგზაურობაზე დაწესებული აკრძალვები ახლა უკვე მთელ მსოფლიოში იქცა კრიზისთან ბრძოლის სტანდარტულ მეთოდად, თუმცა ამას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოზე, რადგან ამ ქვეყნის ეკონომიკა ტურიზმზე დიდად არის დამოკიდებული“, – წერს ავტორი.

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ პანდემიის დროს ყველაზე მოწყვლადი რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების მცხოვრებლები არიან, სადაც ხანგრძლივი პანდემიის შედეგად ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთება.

„ამ რეგიონებში საერთაშორისო დახმარებაზე წვდომა შეზღუდულია. საერთაშორისო პარტნიორებმა ოკუპირებული აფხაზეთი სამედიცინო მასალებით მოამარაგეს, თუმცა წლების განმავლობაში შეზღუდული კავშირისა და რუსეთის აგრესიის გამო, საქართველოს მთავრობისთვის ამ რეგიონების დახმარების შესაძლებლობა გართულებულია. საბედნიეროდ, ამ ფაქტორმა არ შეუშალა ხელი საოკუპაციო ხაზთან ახლოს, რუხში საავადმყოფოს გახსნას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კი განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

ავტორი მიიჩნევს, რომ „კოვიდ-19“-ის რუსეთში გავრცელების ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის ფედერაციის მეზობელ რეგიონში მოსკოვის ჩართულობას ყურადღებით უნდა დააკვირდეს. სტატიის ავტორის წერს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემია მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში „შავი ზღვის რეგიონის ბედის განმსაზღვრელი კრიზისი იქნება და მისი მნიშვნელობა, სავარაუდოდ უფრო დიდია, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური და სამხედრო კრიზისებისა“.

„რეგიონს გამძლეობის ისეთი გამოცდა ელის, როგორიც აქამდე არასოდეს მომხდარა და ამ კრიზისის პოლიტიკური და ეკონომიკური ეფექტი სავარაუდოდ იმაზე დიდხანს გასტანს, ვიდრე თავად პანდემია“, – აცხადებს ავტორი.