ჯორჯ სოროსი - ევროპის დამოკიდებულება რუსულ საწვავზე გადაჭარბებული რჩება ძირითადად ანგელა მერკელის პოლიტიკის გამო, მან რუსეთთან სპეციალური გარიგებები დადო
მილიარდერი ჯორჯ სოროსი გერმანიის ყოფილ კანცლერს ანგელა მერკელს აკრიტიკებს რუსეთთან ენერგორესურსების შესყიდვასთან დაკავშირებული „განსაკუთრებული გარიგებების“ გამო.
აღნიშნულის შესახებ ჯორჯ სოროსმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სოროსმა ანგელა მერკელი მერკანტილური პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა.
„ევროპის დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე რჩება გადაჭარბებული ძირითადად ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის მიერ გატარებული მერკანტილური პოლიტიკის გამო. მან გაზის მიწოდებისთვის რუსეთთან სპეციალური გარიგებები დადო და ჩინეთი გერმანიის უმსხვილეს საექსპორტო ბაზრად აქცია“, – განაცხადა ჯორჯ სოროსმა.
ამასთან, როგორც მილიარდერმა აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ ოლაფ შოლცი მერკელის პოლიტიკის გასაგრძელებლად აირჩიეს, „ის, როგორც ჩანს, საბოლოოდ ყოველთვის სწორად იქცევა“. ამის მაგალითად სოროსმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ პროექტის გაჩერება, თავდაცვითი ხარჯების გაზრდა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაასახელა.
გარდა ამისა, ჯორჯ სოროსმა შეაქო ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონდერ ლაიენი, რომელმაც, მისი თქმით, ძლიერი ევროპული ხმა იპოვა.