ჯორჯ სოროსი - „ფეისბუქი“ ტრამპს ეხმარება, რომ მეორე ვადით გახდეს პრეზიდენტი
ამერიკელმა მილიარდერმა, ჯორჯ სოროსმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლის დროს განაცხადა, რომ სოციალური ქსელი დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების მოპოვებაში ეხმარება, სანაცვლოდ კი, პრეზიდენტი „ფეისბუქს“ „მფარველობას“ სთავაზობს.
„ფეისბუქი“ უკვე მუშაობს, რათა ტრამპი ხელახლა გახდეს პრეზიდენტი, სანაცვლოდ კი, ტრამპი „ფეისბუქს“ დაიცავს. ამის გამო ძალიან შეშფოთებული ვარ 2020 წლის არჩევნების შესაძლო შედეგებით“, – განაცხადა ჯორჯ სოროსმა.
ფონდ „ღია საზოგადოების“ მიერ გამართულ სადილზე, სოროსმა გააკრიტიკა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი, ასევე ბრაზილიის პრეზიდენტი და უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი.
მან ჩინეთის ლიდერს „დიქტატორი“, ხოლო ტრამპს „ნარცისი“ უწოდა, სამაგიეროდ მილიარდერმა შეაქო შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი.
ამავე შეხვედრაზე სოროსმა განაცხადა, რომ „მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს იწყებს“. საქმე ეხება ერთ მილიარდ დოლარს, რომლის დახარჯვასაც სოროსი სასწავლებლების ქსელის მოწყობაში გეგმავს, რაც, მისივე თქმით, „კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს“.