ჯორჯ სოროსი - ევროპა თუ არ გაიღვიძებს, საბჭოთა კავშირის ბედს გაიზიარებს
ევროპა თუ არ გაიღვიძებს, საბჭოთა კავშირის ბედს გაიზიარებს, – ამის შესახებ მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა, გამოცემა „პროჯექთ სინდიქეით“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, „ევროპა, გთხოვ, გაიღვიძე“ დაწერა.
ამერიკელი ფინანსისტის თქმით, არც ლიდერებს და არც ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ ესმით, რომ ახლა გადამწყვეტი დროა, სადაც შესაძლებლობების დიდი სპექტრია, მოსალოდნელი შედეგი კი, გაურკვეველი.
სოროსის განცხადებით, შემდეგი გარდამტეხი წერტილი 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნები იქნება, რადგან მოსალოდნელია, რომ ანტიევროპული ძალები კენჭისყრაზე კონკურენტულ უპირატესობას მიიღებენ, მთავარი მიზეზი კი მოძველებული პარტიული სისტემაა.
„ევროპის თანამედროვე ხელმძღვანელობა საბჭოთა კავშირის ნგრევის დროს არსებული პოლიტბიუროს შეხსენებაა. პირველი ნაბიჯი, რომ ევროპა შიდა და გარე საფრთხეებისგან დაცული იყოს, არის არსებული საფრთხის მასშტაბის აღიარება. მეორე ნაბიჯი პროევროპული მძინარე ძალების გაღვიძება და მობილიზებაა იმ ღირებულებების დასაცავად, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული“, – აცხადებს სოროსი.