ჯონ კირბი - უკრაინის ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხის აღმოჩენის შესახებ ცნობები შემზარავია
ჯონ კირბი - უკრაინის ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხის აღმოჩენის შესახებ ცნობები შემზარავია

რუსეთის ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხის აღმოჩენის შესახებ ცნობები შემზარავია, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისა და სისასტიკეების აღრიცხვის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობენ.

„არსებული ცნობებით, სამარხში 440-ზე მეტი ცხედარი იყო, რომელთა შორის არიან სამოქალაქო პირები. ეს შემზარავია, საშინელებაა. სამწუხაროდ, ეს შეესაბამება იმ მანკიერებას და სისასტიკეს, რომლითაც რუსეთის ძალები უკრაინის და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ამ ომს აწარმოებენ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისა და სისასტიკეების აღრიცხვის ძალისხმევის მხარდაჭერასა და რუსებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად ეროვნული და საერთაშორისო ძალისხმევის ხელშეწყობას“, – განაცხადა კირბიმ.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, გათავისუფლებულ იზიუმის მასობრივ სამარხში აღმოჩენილი ცხედრების რაოდენობა თუ დადასტურდება, ეს იქნება ბალკანეთის 90-იანი წლების ომების შემდეგ ევროპაში აღმოჩენილი უმსხვილესი მასობრივი სამარხი.