ჯონ კირბი - მხარს ვუჭერთ ჰუმანიტარულ პაუზებს, მძევლების გათავისუფლებას და ღაზის სექტორში მეტი დახმარების შეტანას, მაგრამ არა ცეცხლის შეწყვეტას
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას მხარს კვლავაც არ უჭერენ. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰუმანიტარულ პაუზებს, ასევე, მძევლების გათავისუფლებას და ღაზის სექტორში მეტი დახმარების შეტანას, მაგრამ არა ცეცხლის შეწყვეტას, რადგანაც ეს „ჰამასის“ მებრძოლებს დაეხმარება“, – განაცხადა კირბიმ.
თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებამდე ცნობილი გახდა, რომ დღესვე შედგა აშშ-ის პრეზიდენტისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის სატელეფონო საუბარი, რა დროსაც ჯო ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს.
ჯონ კირბის განცხადებით, ჯო ბაიდენს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ორი ქვეყნის ჩამოყალიბების გზით გამოსავლის პოვნა შესაძლებელია. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი მიესალმა ისრაელის თანხმობას, ღაზის სექტორში ფქვილის ჩატანა დაუშვას.
ცნობისთვის, მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნას მხარს არ უჭერს.